სოზარ სუბარი: ბრიუსელი იძულებული გახდება შეცვალოს თავისი პოლიტიკა, რაც გავლენას მოახდენს ჩვენზეც
ევროკავშირის პოლიტიკა ისევე, როგორც ოპოზიციის იძულებული იქნება შეიცვალოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ევროკავშირის ბიუროკრატიაც ამჟამად არის დეზორიენტირებული. მართლა აღარ იციან რა უნდა გააკეთონ და ამ შემთხვევაში ისევ ორბანის სიტყვებს მოვიყვანდი, რომ უნდა წნეხში მოვაქციოთ. აქედან პატრიოტები, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის ქვეყნის პატრიოტები არიან პირველ რიგში და შემდეგ ევროკავშირის პატრიოტები, იქიდან ტრამპის ადმინისტრაცია და ბრიუსელი იძულებული გახდება შეცვალოს თავისი პოლიტიკა. ასე რომ ამ პოლიტიკის შეცვლა გავლენას მოახდენს ჩვენზეც“, – აღნიშნა სუბარმა.
მისი თქმით, ბრიუსელში აღარ იციან რა უნდა გააკეთონ და რა პოლიტიკა გაატარონ თუნდაც იგივე ტრამპთან მიმართებაში, რათა მოახერხონ ამ ურთიერთობების დალაგება.
„ასე რომ ჩვენზე ზეწოლის დიდი ძალა მათ აღარ აქვთ შერჩენილი. რაც არის ძალიან კარგი. გახსოვთ როგორი ამბავი იყო ყოველ ჯერზე, როდესაც იწყებოდა მორიგი ანტიქართული რეზოლუციის მიღებაზე ლაპარაკი ევროპარლამენტში. რამდენიმე კვირა მთელი ქართული ოპოზიცია, მთელი ქართული ოპოზიციური მედია, ენჯეო სექტორი ამაზე ლაპარაკობდა. ლაპარაკობდა, რომ ახლა უკვე ბოლო დღეები დგება საქართველოს ხელისუფლებისთვის ისეთ რეზოლუციას მიიღებენ. ახლა მეექვსე რეზოლუციას იღებენ და სადღაც მეჩვიდმეტე სიუჟეტად ერთ წინადადებად თუ გაკეთდება. აღარ აქვს ძალა იმიტომ, რომ ყველა მიხვდა, რომ ამ უსამართლო რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ“, – აღნიშნა სუბარმა.