წულუკიანი: არ მგონია, რომ ქუჩაში ვინც დგას, ყველა ბინძური „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარია, იმედი მაქვს, რომ გამოიკვეთება რაღაც ძალა და დაიწყებენ იმის შენებას, რასაც მომავალი სახელისუფლებო პარტია ჰქვია
არ მგონია, რომ ქუჩაში ვინც არის და პროტესტს გვიცხადებს, ყველა ბინძური „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ გამოიკვეთება რაღაც ძალა და დაიწყებენ იმის შენებას, რასაც მომავალი სახელისუფლებო პარტია ჰქვია.
„მე არ მგონია, რომ ქუჩაში ვინც დგას, ყველა არის ბინძური „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარი. [მაგრამ] მე სტრასბურგში რაც ჩემი თვალით ვნახე რამდენიმე დღის წინ, ამ სიტყვას პირველად ვიყენებ, მაგრამ უკვე აღარ მერიდება, ეს არის ბინძური ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს ებრძვის, მაგრამ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქუჩაში ვინც არის და ჩვენ პროტესტს გვიცხადებს, არის ამ ბინძური ოპოზიციის მომხრე ან მიმდევარი.
სწორედ ისინი, ვინც არ არიან, მე დიდი იმედი მაქვს, რომ იქიდან გამოიკვეთება რაღაც ძალა. პარტიული ცხოვრება ურთულესი ცხოვრებაა. მე ვყოფილვარ ისეთ პარტიაში, რომელიც ნულიდან აშენებდა ყველაფერს და ეს არის ურთულესი გზა. იმედი მაქვს ამ ძალას იპოვიან თავიანთ თავში და დაიწყებენ იმის შენებას, რასაც მომავალი სახელისუფლებო პარტია ჰქვია, ამას დრო, მოთმინება და რაც მთავარია, თანმიმდევრულობა სჭირდება. დღეს ასეა, ხვალ ისეა, პოლიტიკოსს ღუპავს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.