თეა წულუკიანი: დიდი ძალები ებრძვიან საქართველოს, ოპოზიცია მათ ხელში სათამაშო კამათელია

დიდი ძალები ებრძვიან საქართველოს, ეს მე PACE-ზეც ვთქვი და გაიყურსა ყველა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ამ დიდი ძალების ხელში სათამაშო კამათელია.

„დიდი ძალები ებრძვიან საქართველოს, ეს მე PACE-ზეც ვთქვი და გაიყურსა ყველა. 2022 წლიდან მიზანმიმართულად ვისჯებით მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით კონკრეტული ოფიციალური პირების შემოთავაზებაზე, რომ ჩავრთულიყავით ომში და ვიღაცების, ამ დიდი ძალების გიჟურ ავანტიურაში მიგვეღო მონაწილეობა, რომელიც გულისხმობდა უკრაინა-საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ცეცხლის აალებას და ამით ვითომ რუსეთის შესუსტებას.

ეს არ იყო მოჩვენება, ეს იყო კონკრეტული ზეწოლა და შემოთავაზებები, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ხელისუფლებამ თქვა უარი. ამის შემდეგ დაიწყო სადამსჯელო ღონისძიებები თვითონ ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი ოჯახის წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ და თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ, კოლექტიური მმართველი გუნდის წინააღმდეგ.

ჩვენ მაინც დღემდე მოვათრევთ ამ ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ თან მოვდივართ და თან თავში გვირტყამენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა უბედურება. ჩვენ თვითონ უბედურების თაობა ვართ, ჩვენ ხომ ჩვენი თვალით გვინახავს [ომი].

ივანიშვილის გამჭრიახობა, მისი პრინციპულობა რომ არა, ჩვენ უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ალბათ, დღეს აღარც ვიქნებოდით ისეთები, როგორიც ვართ, ამიტომ ისჯება საქართველო. ოპოზიცია არის სათამაშო კამათელი ამ დიდი ძალების ხელში და რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მათ წერილს აქვს უფრო მეტი ჭრა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები