შალვა პაპუაშვილი: დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს ვინც ცდილობს, ყოველთვის მიიღებს კანონიერ პასუხს

“ვინც ცდილობს დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, ყოველთვის მიიღებს სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს ამაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” კონსტიტუციის უგულებელყოფას ვერ დაუშვებს.

„2020 წელს ყალბი ნარატივით, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ იყო ორგანიზებული და მხარდაჭერილი ზოგიერთი მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, გაირკვა, რომ იყო ორგანიზებული და მხარდაჭერილი ზოგიერთი უცხოური ორგანიზაციის მხრიდან, გაირკვა, რომ როგორც ერთი წელი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ისე შემდეგი სამი წელი, მიუხედავად იმისა, რომ შემოვიდნენ, ნახევარზე მეტი სხდომებისა გაცდენა ჰქონდათ, ხან ბოიკოტით და ხან ისე გაცდენა ჰქონდათ. რეალურად არცერთი დღე არ უმუშავიათ პარლამენტში და ვნახეთ, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისცა შანსი, მათ საკუთარი ამომრჩევლის ნება წარმოედგინათ. ამან გამოიწვია, რომ რადიკალური ოპოზიცია შეეცადა, ეს ექცია პრეცედენტად და 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ზუსტად ვხედავთ არჩევნების გაუქმებისა და ხალხის ნების უარყოფის იმავე მცდელობას. ვხედავთ იგივე მეთოდებს, მათ შორის მანდატებზე უარის თქმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის სახელით ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია, მისი შიდა, თუ გარე მფარველების მეშვეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები