ვლადიმერ ბოჟაძე: პრევენციული განცხადებები, რომ მაგისტრალის გადაკეტვა სისხლის სამართლის სფეროა, ორი დღის განმავლობაში კეთდებოდა
“2-3 დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ვსაუბრობდით, რომ აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას”, – პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე “თბილისი მოლთან” გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას ეხმიანება.
ბოჟაძის თქმით, პრევენციული განცხადებები, რომ მაგისტრალის გადაკეტვა სისხლის სამართლის სფეროა, ორი დღის განმავლობაში კეთდებოდა.
“2-3 დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ვსაუბრობდით, რომ აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. გაფრთხილებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გარდა ამისა, იქაც განემარტა არაერთ მათგანს, რომ ისინი სავარაუდოდ ჩაიდენდნენ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. ასე რომ, მათთვის ეს ცნობილი იყო, თუმცა, ის, რომ იგივე 2 თებერვლის აქციაზე ყველა პოლიტიკოსი იყო ფაქტობრივად წარმოდგენილი და მთელი ამ თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ მათ ამ აქციებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და ახლა აღმოჩნდა, რომ გვარამიადან დაწყებული მელიათი დამთავრებული, ყველა პოლიტიკოსი იყო წინა პლანზე წამოწეული და ისინი იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ლიდერები და შემსრულებლები, ეს პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ყველა მათგანს ჰყავს ადვოკატი და ყველა მათგანს ექნება საშუალება, დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა”, – აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.