მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოზე: ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი არ იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში

“ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი არ იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მუშაობას, არის თუ არა თანხვედრაში ტრამპის პოლიტიკასთან.

მისივე თქმით, საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას იმ გაგებით, რასაც მაგალითად, გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია.

„თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარ კამპანიები, ის მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების ან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს, დიდი ბოდიში ყველასთან, ვისაც ასე სჯერა, მაგრამ მე ვეუბნები მას, ნებისმიერ მოქალაქეს დიდი პატივისცემით და არა ნიშნისმოგებით, მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში, არცერთ დეტალზე, არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებით.

სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის, საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება. ბუნებრივია, შტატები არ არის პატარა ქვეყანა, პატარა ბიუროკრატია არ არის შტატებში, რომ ასე მარტივად შეიძლებოდეს „დიფ სთეითის“ დამარცხება და მისი გავლენების, სხვა დაბალ რგოლებშიც ეს პრობლემები იქნება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაწუხებს უფრო, ვიდრე სხვა დანარჩენი. მივეჩვიოთ ამას, რომ ჩვენმა უნდა შეგვაწუხოს უწინარესად, არა სხვამ, არა უკრაინამ, არა მოლდოვამ. ჯერ ჩვენმა და შემდეგ კი ბატონო, ვიმეგობროთ ვისთანაც გინდათ დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას იმ გაგებით, რასაც მაგალითად, გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია. ეს ჩვენი შეფასება და ჩვენი ინფორმაციაა, არა მხოლოდ შეფასებაა. იმედია, ნელ-ნელა ეს მიდგომა, ქვედა რგოლების თვითნებობა, „დიფ სთეითის“ მსახურება და არა ამერიკელი ხალხის მსახურება, მალე დამთავრდება. სუბიექტურადაც ეს გვაწყობს. ამ შემთხვევაში მე ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატიაში არსებულ, ჯერჯერობით აღმოუფხვრელ ხარვეზებზე კი არ ვნერვიულობ იმდენად, რამდენადაც მე პირადად, როგორც პოლიტიკოსი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ეს მაწუხებს საქართველოსთან მიმართებით. იმასთან მიმართებით, რაც ვილაპარაკე, რომ სანამ ქვედა რგოლი ზედა რგოლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მანამდე ეს ჯანჯღარი და გარკვეული ტურბულენტობა, მაინც გაგრძელდება, რაც აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ლარის კურსს, მოქალაქეების უფლებებს და ა.შ. ეს რამდენადაც აღმოიფხვრება, იმდენად კიდევ უფრო თავისუფალი იქნება საქართველოს მოქალაქე, ხელისუფლება, ქართველი ხალხი თავის მოქმედებებში და მით მეტად გაიუმჯობესებს დამოუკიდებლობის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კეთილდღეობის ხარისხს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები