“გვექნება ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით” – მამუკა მდინარაძე
“მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში კვლავ გრძელდება “დიფ სტეიტის” აგენტების მიერ ხელისუფლების ცვლილების მცდელობა. მართალია მათ ამ ჯერზეც უსერიოზულესი კრახი განიცადეს, მაგრამ მაინც გვრჩება გამოწვევები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, პატრონების დავალებით, ოპოზიცია კვლავ აგრძელებს ქვეყნის ჯანჯღარს და ისინი მიზანთან ახლოსაც არ არიან.
“ამის მიუხედავად, მათი ჯაშუშური საქმიანობის და შესაბამისი გარედახმარების შედეგად, ქვეყანას შედარებით მცირე, მაგრამ სხვა სახის პრობლემები ექმნება. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში, ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანას ჰქონდა 6,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, გაუარესდა ლარის კურსი და შესაბამისად, ქვეყანამ და მისმა ეკონომიკამ გარკვეული დარტყმა მაინც მიიღო. დღევანდელი მოცემულობით ეს უარყოფითი ტენდენცია ეკონომიკური მიმართულებით გასწორდა, მაგრამ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საბოტაჟი, მოგონილი პროპაგანდისტური და მავნებლური არგუმენტებით, დიფსტეიტის აგენტურამ რაც შეიძლება ნაკლებად შეძლოს.
ჩვენ გვაქვს მოცემულობა დღეს, როდესაც, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ოთხი ასეული ადამიანისგან შემდგარი, უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვი, უხეშად არღვევს ოთხი მილიონი ადამიანის, ამ ქვეყნის მოქალაქეების, უფლებებს. სწორედ ამ ანომალიის გამოსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.
“გვექნება ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით”, – აღნიშნა მდინარაძემ.