მამუკა მდინარაძე: ბრძოლა „დიფ სთეითისა“ საქართველოსთან კვლავ იგივე ძალებით მიმდინარეობს – განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ლიდერები განცხადებებით აშკარად და ღიად უპირისპირდებიან, თუმცა მათი მოქმედებები კვლავ ძალაშია
“ასე ჩქარ ვადაში შეიძლება არც გვქონოდა მოლოდინი, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით, „დიფ სთეითის“ შესუსტების და დამარცხების”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრძოლა „დიფ სთეითისა“ საქართველოსთან კვლავ იგივე ძალებით მიმდინარეობს, რადგან მათი აგენტები კვლავ აგრძელებენ მცდელობას ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა საქართველოში.
„განცხადებების დონეზე კი ბატონო, მაგრამ „დიფ სთეითის“ შესუსტების ნიშნები, საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით, არ ჩანს, იმიტომ, რომ კვლავ აგრძელებენ „დიფ სთეითის“ აგენტები იმგვარ მოქმედებებს, გუშინდელი ფაქტიც ამაზე მეტყველებს, რომ კვლავ არის აქტიური მცდელობა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა საქართველოში, იმისათვის, რომ მერე ვიღაცამ იქით დაამუნათოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება, თუ ქართველი ხალხი და ა.შ. აი როგორ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და როგორ „ვაჟკაცურად“ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველო. ამისი აქტიური მცდელობები რადგან კვლავ არის სახეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ თავისი სიძლიერით, სრული სიძლიერით კვლავ ახორციელებს მართვას საკუთარი აგენტურისა საქართველოში და მათ უკან ნაბიჯი არ გადაუდგამთ ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენ ამას იმ პერიოდში ვუძლებდით, როდესაც აშკარა და ღია მხარდაჭერა იყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ, განცხადებებით დეკლარირებული მხარდაჭერა და მაშინ, როდესაც ასეთი დეკლარირებული მხარდაჭერა არ არის, რა თქმა უნდა ამასაც გავუძლებთ, თუმცა ბრძოლა „დიფ სთეითისა“ საქართველოსთან კვლავ იგივე ძალებით მიმდინარეობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ლიდერები განცხადებებით აშკარად და ღიად უპირისპირდებიან, თუმცა მათი მოქმედებები კვლავ ძალაშია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.