“დღეს აშშ-ის ლიდერები საუბრობენ იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედისგან“ მოდიოდა, ამ ორგანიზაციებისგან არაერთი მილიონი ხმარდებოდა ხალხის ნების უგულებელყოფას” – მდინარაძე

“დღეს აშშ-ის ლიდერები, პირველი პირი, ტრამპი საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა. დღეს ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, USAID-ის და „ნედის“ არაერთი მილიონი ხმარდებოდა საქართველოში ხალხის ნების უგულებელყოფას.

„როდესაც ჩვენ პირველად გამჭვირვალობის კანონზე დავიწყეთ საუბარი და დაინიციირდა უმრავლესობის რიგებიდან, მაშინ, როგორც გარედან, ასევე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის რა მასშტაბი იყო, ყველას ახსოვს, პირველ წელს ვერც კი შევძელით ამის გატანა. ეს არის ფაქტი. ამაზე არგუმენტი იყო, მეგობრები რომ გეხმარებიან, როგორ კადრულობთ ამას, ამიტომ არის რუსული მიდგომაო. დღეს აშშ-ის ლიდერები, პირველი პირი, ტრამპი საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა. ჩვენ ამერიკულ ფულს ბოროტებას არ ვუწოდებდით. დღეს ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება. მასკის მიერ გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ჩანს საქართველოს მოვლენებიც, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა. ჩვენ რაც არ გვილაპარაკია, ისიც კი აშშ-დან წამოვიდა. USAID-ის და „ნედის“ არაერთი მილიონი ხმარდებოდა ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულებელყოფას და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას. დღეს ალბათ კიდევ მეტად შეგვიძლია, დავაფასოთ ერთმანეთის ღვაწლი საკუთარი სამშობლოს წინაშე, თურმე, როგორ მაგრად დამდგარა საქართველო და შესაბამისად მისი არჩეული ხელისუფლება, რისთვის გაგვიძლია, რა გადაგვიტანია.

ახლა შეფასებაც და დაფასებაც უფრო ადვილია, მაგრამ საქართველოში კვლავ რჩება 400-კაციანი კარგად დატრენინგებული აგენტურა, რომელიც ამ აქციების ძირითადი ბირთვია, რომელიც ოთხ მილიონ ადამიანს მკაცრად ულახავს საკუთარ უფლებებს. ოთხი მილიონი ადამიანის იძულებას ახდენს მდაბიო, უკვე ნანახი ფეიკკამპანიებით, რომ მოაქციოს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც ბოლო ათწლეულების ისტორიაში საქართველოს არასდროს არ ჰქონია. ეს ჩვენი, ქართველი ხალხის და მისი სიბრძნის დამსახურებაა. ისინი გაერკვნენ და წამოგვყვნენ ამ სწორ პოლიტიკაში, კვლავ აგვირჩიეს. სხვა შემთხვევაში, ტრამპი, მასკი და სხვები ილაპარაკებდნენ წარსულზე, როგორ მოახერხა „დიფ სთეითმა“, იმ ბოროტებამ, რომელიც მათი მხრიდან დაფინანსებული ფულით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი საქართველოში, რევოლუციის მოხდენა, როგორ ჩაერთო საქართველო იმ მომაკვდინებელ ომში, რომელმაც საქართველო უკვე პრაქტიკულად გაანადგურა. საბედნიეროდ, ეს ფაქტი არ მოხდა, რადგან ჩვენ ამას წინ აღვუდექით“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები