“იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის; სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც” – მდინარაძე

“მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და მათი შეურაცხყოფისათვის სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

მთელი რიგი ცვლილებები გვექნება სისხლის სამართლის კოდექსშიც. კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. ცვლილების თანახმად, კი ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.

იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში, რაც 5 წლიდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე, მკაცრდება პასუხისმგებლობა პოლიციელზე ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის, ჯგუფურობისთვის, არაერთგზისობის საშიში საშუალებით განხორციელებისთვის. ეს გარემოებები დამამძიმებელ გარემოებაში გადავა და მკაცრი სანქცია იქნება.

სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. ახალი ნორმა გაჩნდება კანონში – სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის, მუქარის ჩამდენი პირიც.

გარდა ამისა, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით და საკანონმდებლო პაკეტის ხილვა დეტალურად უკვე დღეს შეგეძლებათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები