„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მოქალაქეები პრეტენზიებს უყენებენ
წყლის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მოქალაქეები პრეტენზიებს უყენებენ. დიდი დიღმის II მიკრორაიონს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს. როგორც მოსახლეობა აცხადებს. კომპანიას ისინი არ გაუფრთხილებია. ინფორმაცია „კვირამ“ კომპანიის ვებგვერდზე გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ 15 თებერვალს დედაქალაქში წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე განცხადება არ იყო გამოქვეყნებული, რის შემდგომაც „კვირა“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიში“ აცხადებენ, დიდ დიღომში წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. მათი თქმით, მოულოდნელი ავარიული დაზიანების შესახებ მათ წინასწარ არ აქვთ ინფორმაცია, რის გამოც მოსახლეობას ვერ აფრთხილებენ.
დიდი დიღმის რაიონის მცხოვრები გიორგი მარკოზაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ წყალმომარაგება აღნიშნულ რაიონს რამდენიმე დღის წინაც შეუწყდა და კომპანიას ამის შესახებ მოსახლეობა არც მაშინ გაუფრთხილებია. მარკოზაშვილის თქმით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დიდი დიღმის რაიონი საერთოდ არ იყო ნახსენები. აღმოჩნდა, რომ წყლის კომპანიის მიერ ბოლო ერთ კვირის მანძილზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ისინი წყლის შეწყვეტის შესახებ იტყობინებიან, მართლაც, არ არის დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონი მოხსენიებული. კოპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიში“ კი აცხადებენ, რომ სასმელი წყლის შეწყვეტის აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, არ იყო მათი მიზეზით გამოწვეული.
წყალმომარაგება დიდი დიღმის II მიკრორაიონს დღის 13:30 საათიდან ამ დრომდე შეწყვეტილი აქვს. წყლის კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების აღდგენა ამ არეალის მაცხოვრებლებისთვის დღეს საღამოს 8 საათიდან, მას შემდეგ დაიწყება, რაც სამუშაოები დასრულდება და აღდგენილი ქსელი ტესტირებას გაივლის. კოპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 15 თებერვალს დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში წყლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე „კვირასთან“ საუბრის შემდეგ განათავსა.