„ნაცებს“ დიდი „ნაცური“ კოალიციის შექმნა თუ გამოუვათ, ბევრად გასაგები პოლიტიკური ლანდშაფტი გვექნება; კარგი იქნება, ამ გაერთიანებაში ზურაბიშვილიც თუ იქნება” – რაქვიაშვილი

“სწორია, გაერთიანდნენ, უბრალოდ, მთელი პრობლემა ისაა, რომ ყველა ეს პარტია არის ბელადის პარტია და ყველა პარტიას თავისი ეგო აქვს, ყველას პირველობა უნდა. ვერ თანხმდებიან, ვინ იქნება პირველი”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების საკითხს გამოეხმაურა.

„მშვენიერი იდეაა იმ პარტიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული სახე, არც განსაკუთრებული იდეოლოგია და მთელი წინასაარჩევნო კამპანია მაინც იმას იძახდნენ, რომელიმე ჩვენგანს მიეცით ხმაო, მნიშვნელობა არ არის, ერთნი ვართო. ერთნი თუ არიან, უნდა გაერთიანდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ინიციატივაც სწორი იყო, რომ ოთხი, ხუთი, ცხრა და ოცდახუთი – გაუგებრობაა, ჯობია, ერთ დიდ გაუგებრობაში იყოს და გასაგები მაინც იქნება, რატომ არ ლაპარაკობენ, რატომ არ აკრიტიკებენ ერთმანეთს, რატომ უჭერენ მხარს ერთმანეთს სხვადასხვა ეთერში იქნება ეს თუ უშუალოდ დიდ პოლიტიკურ პროცესში, ამომრჩეველი აღარ მოტყუვდებოდა. ამიტომ სწორია, გაერთიანდნენ, უბრალოდ მთელი პრობლემა იმაშია, რომ ყველა ეს პარტია არის ბელადის პარტია და ყველა პარტიას თავისი ეგო აქვს, ყველას პირველობა უნდა. ამიტომ პირველობის პროცესში ვერ თანხმდებიან, ვინ იქნება პირველი. ეს რომ დაძლევადი იყოს, მაშინ უკვე დიდი ხნის გაერთიანებული იქნებოდნენ. ამიტომ არც ახლა მგონია, რამე გამოვიდეს. თუმცა „ნაცებს“ თუ გამოუვათ „ნაცური“ დიდი კოალიციის შექმნა, ძალიანაც კარგი, ბევრად გასაგები პოლიტიკური ლანდშაფტი გვექნება ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ასეთ გაერთიანებაში სალომე ზურაბიშვილისთვისაც მოიძებნება ადგილი რომელიმე შესაძლო მინისტრის პოზიციაზე, ჩრდილოვან კაბინეტში, ან კიდევ რაიმე სხვა ფუნქცია შეიძლება უპოვონ, მით უმეტეს, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციის ლიდერად იყო, ახლა შეიძლება მეორე პლანზე გადავიდა ბუნებრივად, რადგან აღარ არის პრეზიდენტი. რაც უნდა იყოს, სალომე ზურაბიშვილიც თუ იქნება ამ გაერთიანებაში, ძალიანაც კარგი“, – აღნიშნა  რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები