დაიბადა სოფელ წინანდალში. დაამთავრა თელავის მეცხრე საჯარო სკოლა, სწავლობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ ისე მოხდა, რომ პროფესიით არ უმუშავია, სამაგიეროდ, ახლად შექმნილ ოჯახს სჭირდებოდა მზრუნველობა და ყურადღება… კოვიდპანდემიის შემდეგ კი, ხან ბავშვებს უწყობდა ქაღალდებით სხვადასხვა დეკორაციას, ხან მეგობრებს უმზადებდა საჩუქრებს. ასე შეიქმნა გვერდიც და ახალ-ახალ ფანტაზიასაც მიეცა გასაქანი. – სოფო გრიშიკაშვილის პერსონა.
– დაბადებიდან წინანდალში ვცხოვრობ, საკმაოდ საინტერესო ბავშვობა მქონდა. მყავს ჩემზე უფროსი და-ძმა (ძმას დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ხეზე მუშაობამ დამაინტერესა)… ზაფხულობით დედა სოფელ მანავში ბებოსთან გვიშვებდა, სადაც მეგონა, რომ სულ სხვა სამყაროში ვხვდებოდი. ბებო მასწავლიდა კერვას, ქარგვას, ცხოველების მოვლას… პაპას ხშირად მივყავდი გორებზე, ცხვარი მიჰყავდა საძოვარზე, მე კი ულამაზეს ხედებს ვუცქერდი მაღლიდან…
დაახლოებით 6 წლის ვიყავი, პირველად თოჯინას კაბა რომ შევუკერე და ულამაზესი ნაქარგი შევქმენი, რომელიც ბებომ დამიხატა… აქედან დაიწყო ხელოვნების სიყვარული… დედაც ძალიან ლამაზად ხატავდა. იმ ირმების და ცხენების სილამაზე დღემდე მახსოვს… რომ წამოვიზარდე, ვცდილობდი, მეხატა და ჩემით მესწავლა ბევრი რამ… სკოლაში დასახატ პრეზენტაციებსაც ხშირად მე მანდობდნენ…
– პროფესიით ბიოლოგი ხართ, ამავე დროს ხელნაკეთ ნივთებს ამზადებთ. პირველი ნამუშევრები…
– პროფესიით ბიოლოგი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით ვერ შევძელი მუშაობა. დავოჯახდი სოფელ წინანდალში, ხშირად მიწევდა ბავშვით გამოცდაზე წასვლა, მეუღლე იქ მელოდებოდა ბავშვთან ერთად, რომ გამოცდაზე არ მენერვიულა… უნივერსიტეტის შემდეგ მალევე მეორე ბავშვიც შემეძინა.
იმ პერიოდში კოვიდი იყო და სამსახურისთვის თავის დანებებაც მომიწია… საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, მშობიარობის შემდგომი დეპრესია დამეწყო… ამ დროს ხან ბავშვებს ვართობდი, ფერადი ქაღალდებით სხვადასხვა დეკორაციას ვუწყობდი, ხან მეგობრებს ვუმზადებდი საჩუქრებს და ასე დაიწყო ჩემი საქმიანობაც…
როცა ერთ დღეს მეგობრისთვის დამზადებული ჩემი ხელნაკეთი პატარა ქოხი დავდე ჩემს პირად გვერდზე, ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ულამაზესი იყო და იქნებ კიდევ გამემზადებინა…
მეორე სახლი მალევე დავამზადე და დავაწერე, რომ იყიდებოდა. მაშინვე მომწერეს, რომ უნდოდათ შეძენა. მას სამი დღე ვამზადებდი. შემდეგ ჩემმა მეუღლემ საჩუქრად ხეზე ამოსაწვავი მიყიდა, ხის დაფებს ვყიდულობდი და მასზეც ვახატებდი… ამის შემდეგ მე თვითონ მომინდა ხის დამუშავებაც და „აწარმოე საქართველოს“ პროექტში მივიღე მონაწილეობა. გამარჯვების შემდეგ დამაფინანსეს და შევიძინე დანადგარები.
– ამ ბოლო დროს თქვენს გვერდზე სოფის ხელნაკეთი ნივთები დეკორატიული სანთლები გამოჩნდა. თქვენი ხელნაკეთებიდან რომელს გამოარჩევდით?
– ჩემს ნამუშევრებს ვერ გამოვარჩევ, ყველას სხვადასხვა დატვირთვა აქვს და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება… ერთნაირი არასოდეს გამომდის. სხვადასხვა ხისგან ვამზადებ: ხის დაფებს, სახლის დეკორაციებს, აბრებს, წიგნის სანიშნეებს.
ახლახან დავიწყე განსხვავებული სანთლების დამზადება, რომლებიც ხეშია ჩამოსხმული და ხის ფითილი აქვთ. ჩემივე გამომშრალი მცენარეებით არის გალამაზებული. სანთლებმა საკმაოდ დიდი ინტერესი და შეფასება დაიმსახურა.
– შთაგონება?
– ძირითადად, ღამე ვმუშაობ, რადგან ვცდილობ, ბავშვებს დრო არ მოვაკლო. ვაგროვებ განსხვავებულ ნივთებს, ყვავილებს, ხეებს და დანახვისთანავე ვხვდები, რაში გამოვიყენებ. ვცდილობ, შევქმნა განსხვავებული ნივთები. არ მიყვარს ერთფეროვნება და მუდმივად ვეძებ სიახლეებს… „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეძენილი ხელსაწყოები ძალიან მეხმარება, ასევე – ხის საჭრელები, რომლებიც საკმაოდ სახიფათოც არის. რამდენჯერმე სერიოზულ დაზიანებას გადავრჩი, მაგრამ დღეს უკვე კარგად ავითვისე და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ნივთის შეძენას ვფიქრობ, რაც დამეხმარება განსხვავებული ხის ნაკეთობების შექმნაში.
– გყავთ მეუღლე და ორი გოგონა. ოჯახი დიდ დროს მოითხოვს...
– ვცხოვრობთ მეუღლის მშობლებთან ერთად. ოჯახი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოფელში ცხოვრობ. მეუღლე მეურნეობით არის დაკავებული, ულამაზესი ვენახები გააშენა, ყველაფერს თავად უვლის. ვიტყვი, რომ საუკეთესო მეუღლეა. ყოველთვის ცდილობს დახმარებას განვითარებაში და გვერდში მიდგას. თითქმის ყველა ოჯახის წევრი თუ მეგობარი დამიდგა გვერდში. გამიმართლა, გარშემო ასეთი კარგი ადამიანები რომ მყავს.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ყვავილების მოვლა, ძალიან მიყვარს მცენარეები, ასევე – ხატვა და სხვადასხვა ნივთის შექმნა.
– სამომავლო გეგმები...
– ძალიან ბევრი სამომავლო გეგმაა. ამიტომ დიდ გეგმებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებ… პირველი, რასაც გავაკეთებ, არის ის, რომ გამოფენებში მივიღებ მონაწილეობას. რამდენიმე ადგილობრივი მაღაზიიდანაც მივიღე შემოთავაზება, რომ შევიტანო ჩემი ხელნაკეთი ნივთები. ვაპირებ მათთან თანამშრომლობას.
თამარ შაიშმელაშვილი