ნიკოლოზ სამხარაძე საზოგადოებრივ გამთლიანებაზე: დიდად ცვლილებას უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ველი და მით უმეტეს, არც ადგილობრივი არჩევნებისთვის, თუმცა, პატარა დოზით შეიძლება ომის დამთავრებამ გარკვეულ, მცირე ოდენობის ადამიანებში ეს წარმოდგენები ოდნავ შეცვალოს
“ძალიან ახლო მომავალში სურათი დიდად არ შეიცვლება იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ამ ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს სურვილი რეალობა მიიღონ ისე, როგორც არის. სულ, მუდმივად აი ამ შეთქმულების თეორიაში ცდილობენ რომ ამყოფონ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ მაინც თვალი რომ აეხილოთ ამ ადამიანებს, ომის დამთავრება უკრაინაში რაღაცა დოზით შეცვლის მათ წარმოდგენებს”,- ასე უპასუხა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეკითხვას საქართველოში საზოგადოებრივი გამთლიანების თაობაზე, გადაცემაში “შუადღის პოლიტიკა”.
სამხარაძის განცხადებით, იგი დიდად ცვლილებას უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებრივი გამთლიანების კუთხით არ ელის და მით უმეტეს არც ადგილობრივი არჩევნებისთვის, თუმცა პატარა დოზით შეიძლება, ომის დამთავრებამ გარკვეულ, მცირე ოდენობის ადამიანებში წარმოდგენები ოდნავ შეცვალოს.
„მე ახლა ვსაუბრობ აბსოლუტურად გულწრფელ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან ასეთებიც, გარდა იმისა, რომ იქ არიან მედიები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები, რომლებიც შეზრდილები არიან პოლიტიკურ პარტიებთან ეს გასაგებია და ეს სეგმენტი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ისევ ბრძოლას იმისთვის, რომ მოვიდეს ისევ ხელისუფლებაში, აქ გასაკვირი არაფერი არ არის და ამის ცვლილებას ჩვენ არ უნდა ველოდოთ, თუმცა ამ სეგმენტის უკან ასევე დგანან ადამიანები რომლებსაც არ აქვთ ის სურვილი, რომ აუცილებლად თვითონ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუმცა კონკრეტული წარმოდგენების გამო, რომლებიც მათ შეუქმნეს ან შეექმნათ, ისინი დღევანდელ ვითარებას ხედავენ როგორც ტრაგიკულ ვითარებას და აი ამ ტრაგიზმის აღქმა მათ შეეცვლებათ მაშინ, როდესაც ომი დამთავრდება უკრაინაში და მაშინ, როდესაც ისინი მიხვდებიან, რომ არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება და აბსოლუტური სიკეთე ამ მსოფლიოში, როდესაც საუბარია საერთაშორისო ურთიერთობებზე და როდესაც საუბარია ქვეყნებზე. ჩვენ ახლა რელიგიურ და ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე არ ვსაუბრობთ, აქ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და ქვეყნები გამოდიან თავისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათ ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ ადარდებდეთ, ხშირ შემთხვევაში კი არა ყოველთვის პატარა ქვეყნების ბედი და როლი, სანამ ამას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ გაიაზრებს და ამას არ სჭირდება, რომ იყო საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და არა მცოდნე, იმიტომ რომ, ეს ყველაფერი იმდენად ხელისგულზე დევს, იმდენად ხშირად მომხდარა ეს ყველაფერი ისტორიაში და მათ შორის საქართველოს ისტორიაშიც, რომ მე მიკვირს რატომ სჯერათ ამ ადამიანებს გულუბრყვილოდ, რომ შეიძლება ვიღაცამ საქართველო არ გაწიროს თავისი სხვა უფრო დიადი ინტერესის გამო, შესაბამისად მე დიდად ამ ცვლილებას ყოველ შემთხვევაში უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ველი და მით უმეტეს არც ადგილობრივი არჩევნებისთვის, თუმცა პატარა დოზით შეიძლება, ომის დამთავრებამ გარკვეულ, მცირე ოდენობის ადამიანებში ეს წარმოდგენები ოდნავ შეცვალოს,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.