ლუკა ეხვაია – ტრამპის გაპრეზიდენტებაზე: ძალიან ბევრი რეგიონია, ბევრი პრობლემაა და ამ დროს ის, რომ უკრაინის კონფლიქტი სწრაფად გადაიჭრას, ამ გადმოსახედიდან ასე არ ჩანს

“ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ, პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ლუკა ეხვაიამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, ტრამპს ასევე საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს არქტიკაში.

“ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება. შესაბამისად, ტრამპის რიტორიკა გრენლანდიის შემოერთებასთან დაკავშირებით; შესაძლოა, მოხდეს კანადასთან ურთიერთობების გადახედვა; ასევე მექსიკასთანაც საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა – მექსიკის ახალი პრეზიდენტი საკმაოდ მკაცრი, ანტიამერიკული რიტორიკით გამოირჩევა და ასევე არის პანამის არხის საკითხიც – ეს ყველაფერი რიტორიკა არ არის, ეს არის ახალი გეგმის მონახაზი, რომელსაც ტრამპი ეცდება, რომ გაატაროს მეორე ვადის პირობებში. მას ეს ისე არ მოუნდა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში თავისი გავლენები გააფართოოს. მთავარი აქ არის ის, რომ ტრამპი ათვითცნობიერებს, ჩინეთის გავლენები გაზრდილია არა მხოლოდ აზიასა და ევროპაში, არამედ ჩინეთი შეიჭრა ლათინურ ამერიკაში თავისი ეკონომიკური ინტერესებითა და ასევე მეგა ეკონომიკური პროექტებით, შესაბამისად, ამ ყველაფრის ბალანსია საჭირო. ის, რომ მარკო რუბიო დაინიშნა ადმინისტრაციაში ყველაზე მნიშვნელოვან, სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, ეს შემთხვევითი საერთოდ არ არის. წლების განმავლობაში მარკო რუბიოს რიტორიკას თუ გადავხედავთ, მისი ამოსავალი ყოველთვის ის იყო, რომ ჩინეთის შეკავება როგორღაც მოახდინონ დასავლეთ ნახევარსფეროში. ანუ, პრიორიტეტი არის ეს და ამ დროს ევროპის ბედი საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია, იქიდან გამომდინარე, რომ რესურსები ასეთი შეუზღუდავი არ არის – გარკვეულ რეგიონებზე უნდა მოხდეს აქცენტირება.

ვიცით, რომ გარდა ლათინური ამერიკისა, ტრამპს საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს არქტიკაში, სადაც რუსეთი საკმაოდ გააქტიურებულია, ასევე – ჩინეთიც. შესაბამისად, შეეცდება ამ ახალი ძალთა ბალანსის შექმნას არქტიკაშიც. ანუ, ძალიან ბევრი რეგიონია, ბევრი პრობლემაა და ამ დროს ის, რომ უკრაინის კონფლიქტი სწრაფად გადაიჭრას, ამ გადმოსახედიდან ასე არ ჩანს“, – განაცხადა ლუკა ეხვაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები