საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელძღვანელობით, ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს, საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას.
„მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. უდავოა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ, გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია.
„ამ მხრივაც, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა ალი ასადოვმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს.
„2024 წელი როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველო პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად, ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველოშიც ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ორივე ქვეყანაში ჩატარებული აღნიშნული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებები, როგორც ყოველთვის, კონსტრუქციულად და მჭიდროდ იმუშავებენ და ჩვენი ხალხების განვითარებასა და კეთილდღეობას ხელს შეუწყობენ. საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა. ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია”, – განაცხადა ალი ასადოვმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითია.
„აღნიშნული პროექტები სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას ემსახურება, ასევე შეიცვალა რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო რუკა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, – აღნიშნა ალი ასადოვმა.
კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
სხდომის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ოქმს. ასევე, შეთანხმებები გაფორმდა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის. კერძოდ, ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის; მემორანდუმებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის საკონსულო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ.