მეცნიერები გადაშენებული ცხოველების აღდგენაზე მუშაობენ
უკვე საკმაოდ დიდი ხანია მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მსჯელობენ ოცდაოთხი გადაშენებული ცხოველის აღდგენასა და დედამიწაზე დაბრუნებაზე, თუმცა ეს არ იქნება იურული პერიოდის პარკის მსგავსი მოვლენა, რადგან, მკვლევართა თქმით, დინოზავრების დნმ-ი ამ პროექტისთვის ძალიან ძველია. კონკრეტული სახეობები მეცნიერებმა ვაშინგტონში კრიპტოზოოლოგიურ კონფერენციაზე განიხილეს, რომელსაც ,,National Geographic“-ი ასპონსორებდა.
გადაშენებული ცხოველების სიაში შედის მე-17-18 საუკუნეებში ამომწყდარი ფრინველი დოდო, კაროლინის გრძელკუდა თუთიყუში, რომელიც ბოლოს 1904 წელს ნახეს ფლორიდაში და კვაგა, ზებრის სახეობა, რომელიც ერთ დროს სამხრეთ აფრიკაში ბინადრობდა. ველურ ბუნებაში ბოლო კვაგა 1870 წელს მოკლეს, ხოლო ტყვეობაში მყოფი უკანასკნელი ეგზემპლარი 1883 წელს მოკვდა.
სახეობების შერჩევისას მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ გარკვეული კრიტერიუმებით, ასევე განიხილეს ამ მოვლენის ეთიკური მხარეები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის იყო, თუ რამდენად სასურველია ამის განხორციელება, ჰქონდათ თუ არა ცხოველებს ეკოლოგიური კუთხით მნიშვნელობა და რამდენად პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს მათ მიმართ.
შემდეგი საკითხი ეხებოდა პრაქტიკულ სფეროს – მოიპოვება თუ არა კარგად შემონახული ქსოვილები დნმ-ის ნიმუშებით, რათა სახეობებს გამრავლების საშუალება მიეცეთ. ასევე, რამდენად შესაძლებელი იყო მათი ხელახლა დამკვიდრება თანამედროვე სამყაროში და დაემუქრებოდათ თუ არა რაიმე სახის საფრთხე, რა იყო მათი გადაშენების მიზეზი და ა.შ. დროთა განმავლობაში დნმ-ი დეგრადაციას განიცდის და ნიმუშების აღება რთულდება, ამიტომ მეცნიერებმა შეარჩიეს ისეთი სახეობები, რომლებიც უახლოეს წარსულში ან რამდენიმე ათასი წლის წინ გადაშენდნენ. რაც შეეხება დინოზავრებსა და მილიონობით წლების წინ მობინადრე სხვა არსებებს, ჯერჯერობით მათი გაცოცხლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.