“მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკის ხომალდმა გაუძლო გლობალურ რყევებს, შიდა რყევებსაც და გასული წელი საკმაოდ დამაჯერებლად დაასრულა”,- ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
არჩვაძემ ეკონომიკაში არსებული ტენდენციების შესახებ ისაუბრა.
“საქართველოს ეკონომიკა ცალკე მეურნეობა არაა, რომელსაც დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირი არ აქვს. პირიქით, საქართველო მსოფლიო მეურნეობაში ძალიან ღრმადაა ჩართული. თუ ავიღებთ მაგალითად საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელს, აღნიშნული ინდიკატორით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა მთლიან ეროვნულ პროდუქტთან 14 პუნქტით უფრო მაღალი აქვს, საშუალო გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით. ანუ დადებითი და უარყოფითი პროცესები, რაც მსოფლიო ეკონომიკაში ვითარდება, ჩვენს ეროვნულ მეურნეობაზე, მის სტრუქტურაზე, განვითარების დინამიზმზე, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის კეთილდღეობაზე თავის გავლენას ახდენს. ასეთი პასაჟის მოტანა იმიტომ დამჭირდა, რომ ჩვენს ეკონომიკაზე არა მარტო ქვეყნის შიდა პროცესები, არამედ გარე პროცესებიც სერიოზულ გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წელიწადია, ჩვენ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რითაც გამოვირჩევით არა მარტო რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბითაც. ეკონომიკური ზრდის მიხედვით ჩვენ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს ორჯერ და მეტად ვუსწრებთ. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისაგან ჩვენი ისტორიული ჩამორჩენა თანდათანობით შევამციროთ, წარმოებისთვის, ბიზნესისთვის, ინვესტიციებისათვის, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უკეთესი პირობები შევქმნათ. ბოლო თვეებში ადგილი აქვს საპროტესტო გამოსვლებს, ამას ეკონომიკაზე სერიოზული, რადიკალური ზეგავლენა არ მოუხდენია. რა თქმა უნდა, ნეგატიური დატვირთვა გააჩნია, შემიძლია, გითხრათ, რომ მხოლოდ ტურიზმის სექტორის, მასთან მომიჯნავე დარგების ნეგატიური ზემოქმედების გამო, დეკემბრის თვის მშპ-ზე უარყოფითად დაახლოებით 1-დან 1,5%-მდე იმოქმედებს. მაგრამ, მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკის ხომალდმა გაუძლო გლობალურ რყევებს, შიდა რყევებსაც და გასული წელი საკმაოდ დამაჯერებლად დაასრულა. ეკონომიკური ზრდის საბოლოო მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, ვფიქრობ, დაახლოებით 9% მაინც იქნება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკუთარი ბუნებრივი რესურსები არ გააჩნია, ისაა ენერგომატარებლების იმპორტიორი, რომელთა იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდის ფარგლებშია. მიუხედავად ამისა, საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მაინც ვახერხებთ. ამას დავამატოთ ის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პირობებში საკმაოდ დაბალი ინფლაცია აქვს. მოსახლეობის შემოსავლების და საშუალო ხელფასის დინამიკას რეალურ განზომილებაში თუ ავიღებთ, დავინახავთ, რომ როდესაც შემოსავლები და საშუალო ხელფასი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებშია, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია დაახლოებით 2%-ის ფარგლებშია, ეს იძლევა იმის თქმის ობიექტურ საფუძველს, რომ დავასკვნათ: მოსახლეობის რეალური შემოსავლები იზრდება, იზრდება მთელი რიგი სხვა პარამეტრების მიხედვითაც, ეს იქნება საშუალო დასაქმების მაჩვენებელი, მათ შორის ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა, საშუალო ხელფასი, თუ რიგი სხვა ინდიკატორები. მთლიანობაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წელი საკმაოდ წარმატებულად დასრულდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს – საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივს ისეთი სიჩქარე აქვს აკრეფილი, რომლის დამუხრუჭების რესურსი არც შიდა, არც გარე ნეგატიურ ძალებს არ ძალუძთ. საქართველოს ეკონომიკა ვითარდება. თავისთავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა თვითმიზანს არ წარმოადგენს, ჩვენი მიზანია ეკონომიკის ინკლუზიურობის გაზრდა და თითოეულ შინა მეურნეობაზე ეკონომიკური ზრდის თითოეული პროცენტის უფრო მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით დაყვანა. ხელისუფლებას ეს სტრატეგია აქვს არჩეული. ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ გაგრძელდება.
საკმაოდ საინტერესო ტენდენცია ვითარდება ეროვნული ვალუტის რეზერვებთან დაკავშირებით. რეზერვებს არ აქვთ საკრალური დატვირთვა, რომ გინდა, თუ არა იზრდებოდეს და მისი ნებისმიერი შემცირება ტრაგიზმის კონტექსტში იქნას განხილული. რეზერვებს წმინდა პრაგმატული დატვირთვა აქვს. ეროვნული ბანკი იმისდა მიხედვით იყენებს, რა საჭიროებაც დგას ზოგადად ეკონომიკის საჭიროების, ფულად საკრედიტო სისტემის სტაბილურობისა და ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებისთვის.
რაც შეეხება ლარს: ლარი ამჟღავნებს სტაბილურობას, მდგრადობას, ესაა მიღწეული როგორც ხელისუფლების გააზრებული ეკონომიკური საფინანსო პოლიტიკით, ისე საქართველოს როლის და ფუნქციების ზრდით გლობალური შრომის დანაწილებაში”- განაცხადა არჩვაძემ.
ეკონომისტი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დეპოზიტების პორტფელში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების წილი 0.17%-ია.
“ეს თავისთავად მიანიშნებს იმას, რომ ჩვენს სავალუტო რეზერვებს და საფინანსო, საკრედიტო პოლიტიკას არ ვაგებთ ისეთი ვალუტის გამოყენებაზე, ან იმედზე, როგორიცაა რუსული რუბლი. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ბოლო პერიოდში, წელიწადზე მეტია საქართველოში 5 დიდი სახელმწიფოდან ფულადი ტრანზაქციები მკვეთრად მატულობს. ესაა აშშ, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ისრაელი. რუსეთიდან შემოსული თანხები თანდათანობით მცირდება”- განაცხადა არჩვაძემ.