ირაკლი ნადარეიშვილი: „სახელმწიფოს მონაწილეობა საინვესტიციო პროექტში არის გარანტია, რომ სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესები ყოველთვის დაცულია და ასე იქნება „იგლ ჰილსის” პროექტის შემთხვევაშიც”
„სახელმწიფოს მონაწილეობა საინვესტიციო პროექტში არის გარანტია, რომ სახელმწიფოს, მოსახლეობის, ქალაქისა თუ იმ ურბანული ქსოვილის, სადაც განვითარება ხდება, საუკეთესო ინტერესები ყოველთვის დაცულია და ასე იქნება „იგლ ჰილსის” პროექტის შემთხვევაშიც. შექმნილია ერთობლივი საწარმო, სადაც სახელმწიფოს აქვს ერთი მესამედი წილი” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ კომერციულ შეთანხმებაში სახელმწიფოს ვალდებულება არის მიწით მონაწილეობა.
„შესაბამისად, პროექტების განვითარება და მშენებლობა მოხდება ამ ტერიტორიაზე. ეს იქნება შერეული ტიპის განვითარება, სადაც არის საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები, საჯარო ობიექტები, ასევე არის უზარმაზარი სარეკრეაციო მასივები, რაც ამ პროექტებს უნიკალურობას სძენს. ამიტომ, მიწის მფლობელი იქნება ის კომპანია, სადაც სახელმწიფო არის წარმოდგენილი სრულფასოვნად და იმ შესაძლებლობით, რომ მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოსთან, მომხმარებლებთან და საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინტერესები” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა „იგლ ჰილსის” უპირობო ვალდებულებას, რომ სრულად დააფინანსოს პროექტი.
„ეს არის წმინდა წყლის კომერციული შეთანხმება, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხარე არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი სახელისუფლებო ბერკეტები, არავითარი ფინანსური გარანტია, რომელიც სცდება პროექტში მიწით შესული პარტნიორის ფუნქციას, სახელმწიფოს არ აქვს აღებული. ძალიან მნიშვნელოვანია „იგლ ჰილსის” უპირობო ,ვალდებულება, რომ სრულად დააფინანსოს პროექტი, რა რესურსიც იქნება მისი განვითარებისთვის საჭირო და კაპიტალის მოსაზიდად აქ სახელმწიფო რაიმე ტიპის გარანტიებით მონაწილეობას არ მოახდენს” – აღნიშნა ნადარეიშვილმა.