ირაკლი კვერღელიძე – „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ქართული კომპანიები იმაზე ნაკლებად აღვიქვამთ იმ სიკეთეებს ქვეყანაში, ვიდრე ამას გარე თვალი აღიქვამს
“ქართული კომპანიები იმაზე ნაკლებად აღვიქვამთ იმ სიკეთეებს ქვეყანაში, ვიდრე ამას გარე თვალი აღიქვამს”, – ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, შემთხვევითი არ არის, რომ „იგლ ჰილსმა“ სწორედ საქართველოზე გააკეთა აქცენტი.
“თუ პროპორციით შევხედავთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ინვესტიცია გააკეთა. 13 მილიარდიან მთლიან შიდა პროდუქტში, რომ 6,6 მილიარდს დებ, ამ პარამეტრით ის იქნება მსოფლიოში პირველი პროექტი, რომელიც ყველაზე მაღალ მარჟიანი იქნება „იგლ ჰილსის“ ისტორიაში.
საქართველომ შეძლო, დაერწმუნებინა და დაედასტურებინა ფაქტებად ის, რომ მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური სიტუაციისა, სადაც პრაქტიკულად არ რჩება წერტილი, ცეცხლი და კონფლიქტი რომ არ არის, ამ პირობებში შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, გაზარდა ტრანზიტული ტვირთუნარიანობა, გაზარდა ეკონომიკა, იბრძოლა შიდა ბიუროკრატიის ლიბერალიზაციაზე, საგადასახადო სიმსუბუქეზე. ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებსაც კომპანიები საინვესტიციოდ ადგილის შერჩევისას ითვალისწინებენ“, – აღნიშნა კვერღელიძემ.