14 იანვარი ლადო ასათიანის დაბადების დღეა
1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში დაიბადა ლადო ასათიანი.
ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.
1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი – ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით. ეს გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.
დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრრევოლუციური ლაყბობა“.
1938 წლის 29 მარტს, საქალაქო კომიტეტის დადგენილებით, ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშრომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.
1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.
1939 წელს ლადო ასათიანი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.
1940-1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს. პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არცერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.
ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 წლის შემდეგ კი გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.