პესკოვი აცხადებს, რომ არ შეიძლება, სომხეთი ერთდროულად ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი იყოს
ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობას რეალური სარგებელი მოაქვს სომხეთისთვის, მაგრამ შეუძლებელია იყო ამ ასოციაციის და ევროკავშირის წევრი ერთდროულად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი და ეს წევრობა ძალიან, ძალიან დადებით დივიდენდებს იძლევა სომხეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ამ ქვეყნის ხალხისთვის.
უბრალოდ შეუძლებელია, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, იყო ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრი. აქ არის ერთი საბაჟო სივრცე, აქ არის საქონლისა და მომსახურების, ხალხისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების ერთი ზონა, განსხვავებული ნორმებია. რა თქმა უნდა, ეს სომხეთის სუვერენული უფლებაა. ჩვენ ვიცით, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება მომგებიანია“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.