დესპოტი კეთილი ბიძის იმიჯის მიღმა — უოლტ დისნეის მეორე მხარე
უოლტ დისნეის სტუდიას ბევრი პოპულარული მულტფილმი ეკუთვნის, მაგრამ თავად დისნეი, მისი ახლობლების თქმით, სულაც არ იყო კეთილი ბიძია, რომელიც მულტფილმებს ქმნიდა.
უოლტერ ელიას დისნეი 1901 წლის 5 დეკემბერს ჩიკაგოში დაიბადა, მაგრამ, თითქმის, მთელი ბავშვობა ჯერ მისურიში, შემდეგ კი კანზას-სიტიში გაატარა. მას ჰყავდა სამი უფროსი ძმა – ჰერბერტი, რაიმონდი, როი და უმცროსი და, რუთი. მამამისს მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა აწუხებდა, რის გამოც, შეეძლო, შვილები მოულოდნელად დაესაჯა ან მათთან უმიზეზოდ ეჩხუბა.
ამან თავისი კვალი დატოვა ანიმატორის მთელ შემდგომ ცხოვრებაზე: მისი მულტფილმების სცენარებში, თითქმის, არ არის სრულად ბედნიერი ოჯახები, მაგრამ მშობლებისა და შვილების ურთიერთობის თითქმის ყველა პრობლემაა წარმოდგენილი.
დისნეის დაბადების მოწმობაში ეწერა, რომ ის, რეალურად, 10 წლით უფროსი იყო, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. თავად უოლტი ამ საკითხის გარკვევას ზრდასრულობაშიც ცდილობდა და უკვე ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ უკანონო შვილი იყო, მაგრამ ეს ვერსია არ დადასტურდა.
14 წლის ასაკიდან უოლტი გაზეთების მიმწოდებლად მუშაობდა, ხოლო ომის დროს მოხალისედ წავიდა ფრონტზე და საფრანგეთში „წითელი ჯვრის“ სასწრაფო დახმარების მანქანას მართავდა.
კარიერის დასაწყისი
შეერთებულ შტატებში დაბრუნებულმა უოლტ დისნეიმ დაიწყო მუშაობა ბაზრობებზე, ამხიარულებდა საზოგადოებას სხვადასხვა ილეთითა და ხუმრობით. ის, ასევე, იღებდა სარეკლამო ფოტოებს. 1920 წელს სამსახური მიიღო სარეკლამო სააგენტოში და კანზას-სიტიში მალევე გახსნა საკუთარი პატარა სტუდია Laugh-O-Grams, რომელიც მალევე დაიხურა. თუმცა, დისნეის იმედები არ გაცრუებია და გადავიდა ჰოლივუდში, სადაც 1923 წელს შექმნა ახალი სტუდია, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
პრობლემები სამსახურში
დისნეის კეთილი ბიძის იმიჯი, რომელიც პრესაში აქტიურად გავრცელდა (და ბევრი ახლაც ასე ფიქრობს), თუ დეტალებს ჩავწვდებით, ნაფლეთებად დაიშლება.
ასე რომ, დისნეი სკრუჯ მაკდაკზე უარესიც კი იყო. ის ყველანაირად ცდილობდა, სტუდიის თანამშრომლებისთვის ხელფასები არ გაეზარდა, გაფიცვების წინააღმდეგ გამოდიოდა და მუშათა გაერთიანებებში გაწევრიანებას უკრძალავდა. დისნეიმ უყოყმანოდ გაათავისუფლა სამსახურიდან გაფიცვის წამქეზებელი პირები. ერთ-ერთი გაფიცვა ორ თვეს გაგრძელდა და მაინც არაფერი მოჰყოლია.
დისნეი თვლიდა, რომ ქალებს არ შეეძლოთ შემოქმედებითი წინსვლა და არ სურდა მათი დაქირავება სამსახურში. ამ ყველაფრის მიუხედავად, მის სტუდიაში მუშაობა საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა.
1936 წელს, დისნეის 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდიის თანამშრომლებმა შექმნეს მულტფილმი მიკი მაუსისა და მინი მაუსის მონაწილეობით, რომელშიც ისინი ასახავდნენ სიტუაციას ხელფასებისა და გაფიცვების შესახებ. უოლტი ამ იდეას მიესალმა, შემდეგ კი, იკითხა, ვინ იყო ამ წამოწყების იდეის ავტორი და სამსახურიდან გაათავისუფლა.
პირადი სირთულეები
უოლტ დისნეის ბევრმა მეგობარმა და ოჯახის წევრმა თქვა, რომ ის ტკბილი იყო საზოგადოებაში, მაგრამ ნამდვილი დესპოტი — სახლში.
ეს ყველაფერი თავის თავზე იწვნია მისმა მეუღლემ, ლილიან ბაუნდმა, რომელიც დისნეის მდივნად მუშაობდა. ისინი 1925 წელს დაქორწინდნენ და რვა წლის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდნენ შვილის გაჩენას. უოლტი, რომლის საქმიანობასაც სულ უფრო მეტი ფული მოჰქონდა, ძალიან წუხდებოდა ამით და ბრაზს ცოლზე ანთხვევდა, რომელმაც რამდენიმე მუცლის მოშლა გადაიტანა.
საბოლოოდ, 1933 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი, დიანა მერი, რომელიც მოგვიანებით სტუდიის ბევრ საქმეში ჩაერთო. დისნეი ოცნებობდა მრავალშვილიან ოჯახზე, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ მეორე შვილის გაჩენის შანსი მცირე გახლდათ, ამიტომ 1937 წელს წყვილმა შერონ მეი იშვილა.
უოლტი სამაგალითო მამა იყო და შესანიშნავადაც ასრულებდა მამობრივ მოვალეობებს, ამიტომ შვილებს ძალიან უყვარდათ.
დედის სიკვდილი
1938 წელს დისნეის ცხოვრებაში მოხდა ისეთი მოვლენა, რომელიც მან საკუთარ თავს სიცოცხლის ბოლომდე ვერ აპატია.
როდესაც კინოსტუდიამ ფულის გამომუშავება დაიწყო და მულტფილმმა, „ფიფქიამ და შვიდმა ჯუჯამ“ ყველა სალარო რეკორდი მოხსნა, უოლტმა მშობლებს სახლი უყიდა ჩრდილოეთ ჰოლივუდში. ისინი იქ 1938 წლის შემოდგომაზე, უკვე ხანდაზმულ ასაკში გადავიდნენ. ერთ თვეც არ იყო გასული, რომ სახლში გაზის მილთან დაკავშირებული პრობლემები დაიწყო. დისნეიმ პრობლემის მოსაგვარებლად მის სტუდიაში მომუშავე ხელოსნები გაგზავნა და მათ, თითქოს, მოაგვარეს ეს პრობლემა… მაგრამ, 26 ნოემბერს ანიმატორის დედა რუთ დისნეი მოულოდნელად გარდაიცვალა გაზით მოწამვლისგან. აღმოჩნდა, რომ მუშები არ იყვნენ საკმარისად კვალიფიციური და გაჟონვა ვერ შენიშნეს.
უოლტს პირდაპირ არავინ ადანაშაულებდა: იმ დროს არ იყო ხშირი სასამართლო პროცესი მუშების დაუდევრობის გამო, რომლებიც ოფიციალურად კი არ ყოფილან გაგზავნილნი მისი მშობლების სახლში. თუმცა, დისნეიზე დედის სიკვდილმა დიდი გავლენა იქონია.
უკანასკნელი წლები
წლების განმავლობაში დისნეი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. გარდა ამისა, მას დაუსვეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზი, რის გამოც, კარიკატურისტი მუდმივად ხელებს იბანდა. ანიმატორი საკუთარ თავში ჩაიძირა და თავს უფრო და უფრო უარესად გრძნობდა.
1966 წელს უოლტს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საუკეთესო ექიმებმა და უზარმაზარმა ქონებამაც არ უშველა და 15 დეკემბერს დისნეი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მან დატოვა უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, მაგრამ, ასევე, შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთულად საურთიერთო ადამიანი.