თეა ახვლედიანი: დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას, უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს და ქვეყანას კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.
„დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას – ემილია, ანა-მარია, ელენე, ნია და სოფიო ჭოლარიებს… ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად მომხდარმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.
უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს, რომელთა ნუგეში ძნელია ხუთი შვილის დაკარგვით განცდილი განუზომელი მწუხარების ჟამს. გამძლეობას ვუსურვებ მათ და ვუდასტურებ გულწრფელ თანაგრძნობას!“ – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.