ილჰამ ალიევი – სომხეთი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც გეოგრაფიული ბარიერი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის
სომხეთი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც გეოგრაფიული ბარიერი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ზანგეზურის დერეფანი უნდა გაიხსნას და გაიხსნება,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკაში სოროსის ეპოქის დასასრული დადგა.
“ბაიდენის ადმინისტრაცია, არსებითად, სოროსის სტილში იმართებოდა, ამგვარად, სომხეთის ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სოროსის მიმდევრები, ფაქტობრივად, კარგავენ თავიანთ პოზიციებს.
უნდა გაითვალისწინოს, რომ ახლო აღმოსავლეთში მათი ახლო მოკავშირის, ასადის დიქტატურა უკვე გაიგზავნა ისტორიის სანაგვეზე და ეს გაგრძელდება, ამიტომ მან უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი. ჩვენ, აზერბაიჯანი, არ წარმოვადგენთ მათთვის საფრთხის წყაროს. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, თანამშრომლობა გვსურს და ნუ შეგვიშლიან ხელს. ისინი არ უნდა მოქმედებდნენ, როგორც გეოგრაფიული ბარიერი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ზანგეზურის დერეფანი უნდა გაიხსნას და გაიხსნება. ისინი რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი“, – განაცხადა ალიევმა.