მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა.
უწყების ინფორმაციით, გაძევების პროცედურის ფარგლებში, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან.
შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები – ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია.
მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყნიდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის მთავარ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.