სალომე ზურაბიშვილი: მინდა, ყველას მოგილოცოთ 2025 წელი, როგორც ნამდვილი გამარჯვების წელი

მინდა, ყველას მოგილოცოთ 2025 წელი, როგორც ნამდვილი გამარჯვების წელი, ყველაფერი დავძლიოთ, რაც ჩვენში შეიძლება იყოს ცუდი. დავძლიოთ ყველაფერი, დავძლიოთ ერთად და ვიქნებით ყველა გამარჯვებული , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ახალ წელს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად შეხვდა და განვლილი 2024 წელი შეაჯამა.

„ჩემო თანამემამულეებო, მოგესალმებით, როგორც თქვენი პრეზიდენტი. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. ეს წელი, რომელიც მთავრდება, 2024 წელი, იყო არაჩვეულებრივი წელი. შეიძლება მხოლოდ კარგი არ გვახსოვდეს, მაგრამ კარგიც უნდა გავიხსენოთ, ეს იყო წელი დიდი ერთიანობის, ჩვენ ყველანი ვიყავით ერთსულოვანი, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი წინა წლის ბოლოს და იანვარში კიდევ ვიყავით აღტაცებული და გახარებული ამ, არაჩვეულებრივი ნაბიჯით. ჩვენ ვიყავით ერთნი და გახარებულები, როცა საქართველო გავიდა ევროპულ ასპარეზზე ფეხბურთით. ჩვენ ვიყავით ერთიანი და გახარებული, როცა ვიმარჯვებდით ოლიმპიურ თამაშებზე და როცა ქართულ დროშას ვუყურებდით, ქართულ ჰიმნს ვუსმენდით. ჩვენ ვიყავით ერთად და ვიქნებით ყოველთვის ერთად იმიტომ, რომ საქართველო არის ძალიან ძლიერი.

ამ წელმა სხვა რაღაცებიც მოგვიტანა, ეს წელი იყო რუსული კანონის და რუსული კანონების წელი. ეს წელი იყო რუსული მეთოდების, რუსული რეპრესიების ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სულის წინააღმდეგ, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. არ ვიცი, როგორ დარჩება 2024 წელი ჩვენს მეხსიერებაში. შეიძლება ერთი გავიხსენოთ, შეიძლება მეორე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ გავიარეთ ეს წელი, ჩვენ მოვედით ბოლომდე. დღეს მე გილოცავთ ახალ წელს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან მხოლოდ პატარა ნაწილი იმ ადამიანების, იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც დაითხოვეს, დღეს 86 ადამიანი, გუშინ და გუშინ წინაც და ეს ალბათ გაგრძელდება. მაგრამ ესეც გამარჯვებაა, ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომლებმაც ღირსება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომლებმაც იციან, რომ ქვეყანაზე და მის სიყვარულზე მაღლა არაფერი არასოდეს არ უნდა იდგეს. ეს ადამიანები, ვინც დღეს ჩემთან არიან, არიან გამარჯვებულნი, არიან ძლიერნი და მომავალი მათია იმიტომ, რომ სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე. ეს არის საყრდენი, მეხსიერება, ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი არის სწორედ სახელმწიფო. საქართველო მხოლოდ ბუნება არ არის, მხოლოდ ადამიანებიც არ არის, არის სწორედ ის, რაც მოგდის საუკუნეების შემდეგ, რაც შეიქმნა ძნელად, ბრძოლით, გაუთავებელი ბრძოლებით და რაც ჩამოყალიბდა, როგორც სახელმწიფო. ამას ვიცავთ დღეს ჩვენ, ვიცავთ გარე რუსებისგან და შიდა რუსებისგან. ბევრი არიან თუ ცოტანი არიან, არ ვიცით ვინ რისთვის დგას იმ მხარეს, რომელიც არ არის საქართველოს მხარე. მაგრამ ეს დაყოფაც არ გაძლებს დიდხანს იმიტომ, რომ ბოლოს დადგება ის დრო, როცა ისევ დავუბრუნდებით ერთობას და ერთიანობას, რადგან ეს არის, რაც ჩვენ ვიცით, რომ ამით გადავრჩებით. ჩვენ ამით გადავრჩით საუკუნეების მანძილზე, როცა ერთად ვიყავით და დღეს რაც ხდება, არის ნამდვილი სასწაული, როცა გაიშალა უზარმაზარი სუფრა რუსთველის გამზირზე, რომელიც სწორედ ერთიანობის სუფრაა, სიყვარულის სუფრაა, მომავლის სუფრაა. ამით ჩვენ ყველგან გავალთ, ამით ჩვენ ყველას გავაკვირვებთ, ამით ჩვენ ჩვენს თავს გავაკვირვებთ, როცა ერთად ვიმღერებთ მრავალჟამიერს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სული, ჩვენი ძალა, რასაც ვერავინ ვერასოდეს ვერ წაგვართმევს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები