თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო.
ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობები გადაიტვირთება.
„ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ვატარებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.