თელავის მერია: 2024 წელი გამორჩეული იყო მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების სიმრავლითა და მასშტაბურობით

2024 წელი, თელავის მუნიციპალიტეტში გამორჩეული იყო სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების სიმრავლითა და მასშტაბურობით. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“2024 წელს, ქალაქ თელავში 34 ქუჩის, 57 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს, მუნიციპალიტეტის სოფლებში კი 15 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯამში 16 კილომეტრზე მეტი სიგრძის საპროექტო მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებიდან 15 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარის შეცვლისა და გზის საავტომობილო ნაწილის მოწესრიგებასთან ერთად, თითქმის ყველა მისამართზე, ეწყობა ტროტუარები, ბორდიურები, სანიაღვრე სისტემადა იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
თელავში 6 ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.
მუნიციპალიტეტში გაიხსნა 180 აღსაზრდელზე გათვლილი ახალაშენებული და სრულად რეაბილიტირებული 2 საბავშვო ბაღი. სამუშაოები მიმდინარეობს დამატებით 4 ბაღში, რომლებიც ფუნქციონირებას 2025 წელს დაიწყებს.
2024 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 19 პროგრამით 7 468 მოქალაქემ ისარგებლა. აღნიშნული პროგრამების ბენეფიციართა დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 795 100 ლარი გამოიყო.
მუნიციპალურ ტრანსპორტს სოფლების მიმართულებით 3 ახალი მარშრუტი დაემატა: თელავი-იყალთო-თელავი; თელავი-აკურა-თელავი; თელავი-ფშაველი-თელავი. მგზავრობის ღირებულება, მანძილის მიუხედავად, 1 ლარს შეადგენს და მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფები შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ.
თელავში გაიხსნა რეაბილიტირებული ჩოგბურთის
კორტები, ფეხბურთის მოედანი, ჭიდაობის სპორტული სკოლის დარბაზი, რაც მუნიციპალიტეტში სპორტული სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობია.
წელსვე გაიხსნა ახალი სარეკრეაციო სივრცე თელავში – „მშვიდობის პარკი“, რომელიც უამრავ გასართობ და მოსასვენებელ სივრცესთან ერთად, რეგიონში პირველ სკეიტ პარკს მოიცავს.
სასმელი წყლის გამართული და უწყვეტი მომარაგებისათვის, სოფლებში ჭაბურღილებისა და სათავე ნაგებობების მოწყობისათვის, წყლის სისტემების მოწესრიგება-რეაბილიტაცია, ექსპლუატაციისთვის, 2024 წელს, 4 573 778 ლარი გამოიყო.
ეს იმ მნიშვნელოვანი პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წელს განახორციელა. ამ და სხვა პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია, იხილეთ თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის 2024 წლის შემაჯამებელ ანგარიშში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები