გიორგი თევზაძე პრეზიდენტს პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს პრეზიდენტს პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს. როგორც გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადება–მიმართვაში აღნიშნულია, „პოლიტპატიმრების საქმეების შესწავლის პროცესში ირაკლი დოკვაძის საქმე განხილვის გარეშე დარჩა.უფლებადამცველის მტკიცებით, ირაკლი დოკვაძის საქმიანობა ყოველთვის ეროვნული ღირებულებების დაცვას ეფუძნებოდა.
“როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლიტპატიმრების სიის განხილვისას ირაკლი დოკვაძის საქმე წარმოდგენილი იქნა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით იგი ამ სიიდან ამოღეს, რაც ფართო საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს. ჩვენს წინა განცხადებებში დეტალურად აღვნიშნეთ ირაკლი დოკვაძესთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესების გამო კიდევ ერთხელ მსურს, მოკლედ შევჩერდეთ მნიშვნელოვან დეტალებზე. ირაკლი დოკვაძის საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეს საქმიანობა ჯერ კიდევ ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობიდან მომდინარეობს. იგი 1990 წელს არჩეული იქნა კანონიერ ეროვნულ ხელისუფლების დამცველად. იგი პოლიტიკური შეხედულებების გამო იქნა მსჯავრდებული. 1992 წლის 4 სექტემბერს დაპატიმრებული და შემდგომში გასამართლებული ყოფილი სიკვდილმისჯილი, რომელიც ორწელიწადნახევარი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში. ამ რეპრესიის მანქანას ვერ გადაურჩნენ მისი ოჯახის წევრებიც, მათ შორის მშობლები. 1992 წლიდან 1994 წლის პერიოდში იგი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ „ამნესტი ინტერნეიშენელის”, ”ჰიუმან რაითს ვოტჩის”, ”ჰელსინკი ვოტჩისა” და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ერთხმად აღიარებული იქნა პოლიტპატიმრად და დაფიქსირებულია მათ ოფიციალურ გამოცემებში. ირაკლი დოკვაძეს არასოდეს უღიარებია ის ქმედება, რომელიც მას წაუყენეს. ირაკლი დოკვაძის სასჯელის ზომა – სიკვდილით დასჯა ჯერ შეიცვალა 20-წლიანი პატიმრობით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი 2002 წელს გათავისუფლდა სასჯელისაგან. 2004 წლის 9 თებერვალს დიდმა პალატამ (9 მოსამართლე) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი დოკვაძის უდანაშაულოდ აღიარების თაობაზე.
2009 წელს იგი დაკავებული იქნა ორი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში დანაშაულის ჩადენის მცდელობის ბრალდებით და სასჯელს იხდის 2009 წლის 26 აპრილიდან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებით. ირაკლი დოკვაძე დადანაშაულებული იქნა ორი პირის მოკვლის მცდელობით, თითქოსდა ირაკლი დოკვაძე შეეცადა ამ პირების მოკვლას. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე სუბიექტურად და ტენდენციურად წარიმართა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, მიუხედავად დაცვის მხარის მრავალი მცდელობისა, სასამართლომ არ შეისწავლა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა მის უდანაშაულობას, უდანაშაულობის გამო ირაკლი დოკვაძემ უარი განაცხადა ყველა იმ შეღავათზე, რომელიც დაადგინა მოქმედმა ხელისუფლებამ ამნისტიის კანონით და სხვა საპროცესო მექანიზმებით.
უკანონოდ მსჯავრდებული ირაკლი დოკვაძის საქმის გადასინჯვა და მისი არათუ პოლიტპატიმრად, არამედ სულ მცირე, უკანონოდ მსჯავრდებულ პირად აღიარება შედის მოქმედი ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებებში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გაურკვეველი ვადით არის გადადებული ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და გადასინჯვის მექანიზმის განსაზღვრა, რაც ბუნდოვანს და გაურკვეველს ხდის ირაკლი დოკვაძის საქმის გადასინჯვის პერსპექტივას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამონაკლისის სახით განიხილავს ირაკლი დოკვაძის მსჯვარდებიდან გათავისუფლების საკითხს და მიიღებს ჰუმანურ გადაწვყეტილებას”, – ნათქვამია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადება–მიმართვაში.