ზელენსკი: ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, რობერტ ფიცო – ფულისთვის
ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, ფიცო იბრძვის ფულისთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფული სლოვაკეთისთვის იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პუტინთან შეთანხმებები ან სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაა, ან პირადი სარგებლისთვის მუშაობა.
„ჩვენ მას შევთავაზეთ გადაწყვეტილებები სლოვაკებისთვის პოტენციურ კომპენსაციასთან დაკავშირებით – კონკრეტულად სლოვაკებისთვის – რუსული ტრანზიტისგან მიღებული ზარალისთვის, ასევე ტრანზიტის ალტერნატივები – ნებისმიერი სხვა გაზი, არა რუსული, ევროკომისიის მოთხოვნით. ჩვენ მზად ვიყავით ამის გასაკეთებლად. ფიცოს სლოვაკებისთვის კომპენსაცია არ სურდა და მას არ სურს ევროკომისიასთან თანამშრომლობა. რატომღაც მოსკოვი უფრო მომგებიანია. ევროპაში ყველას ესმის რატომ“, – წერს ზელენსკი.