ლევან დავითაშვილი: ჩემი მოლოდინია, რომ საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად, საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა

ჩვენი ამოცანა არის ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური კურსი არის დასავლეთისკენ და ამასვე ითხოვენ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დღეს მონაწილეობენ პროტესტში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, როდესაც ფუნდამენტურ საკითხში არ გვაქვს პრინციპული განსხვავება, შეგვიძლია, დიალოგის რეჟიმში მეტად მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია. ამ შემთხვევაში, განსხვავება გვაქვს იმ გზასა და მეთოდზე, თუ როგორ ვაღწევთ ამ შედეგს. ვფიქრობ, რომ დიალოგის რეჟიმში შეიძლება ჩვენს საზოგადოებას მეტად ავუხსნათ და დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამავე დროს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას.

„საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებას უფრო მეტად გაამხნევებს და მისცემს იმის იმედს, რომ ჩვენი გზა არის წარმატებისკენ მიმავალი გზა. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ეფექტიანი დიპლომატიით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ, საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად, ვაჩვენებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი აღიარება, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში საზოგადოების ნაწილს, მათ შორის, ბიზნესის წარმომადგენლებს აწუხებს ქვეყნის პოტენციური იზოლაცია.

„ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი, პირიქით, საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები