“ბოლო პერიოდის მოვლენებმა საქართველოში აღარ დატოვა დამოუკიდებელი ტელემედია; დარჩა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც უცნაური ამბები ხდება” – ზაალ ანჯაფარიძე

“ბოლო პერიოდის მოვლენებმა საქართველოში აღარ დატოვა დამოუკიდებელი ტელემედია. დღეს ეს უკვე დამაჯერებლად შეიძლება, ითქვას, არაერთ ობიექტურ და გაზომვად ინდიკატორზე დაყრდნობით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“პრაქტიკულად, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანმა კერძო ტელეარხმა, მათ შორის, ვითომ “შუაშისტურმა,” საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს მათი მფლობელების უფლებაა, თუ სად და ვისთან დადგებიან.

დარჩა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც, ჩემი აზრით, ბოლო დროს, რბილად რომ ვთქვა, უცნაური ამბები ხდება. საზმაუში რადიკალების მივარდნის და მათი წნეხის შედეგად შემოღებული ახალი გადაცემა სახელწოდებით – “საგანგებო ეთერი,” ნებით თუ უნებლიეთ ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ის თითქოს ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა და ამით ამყარებს ოპოზიციის პოლიტიკურ მოთხოვნებს. დანარჩენი თავად განსაჯეთ!

P.S. ვიცი, რომ ბევრი არ დამეთანხმება საზმაუზე, შეიძლება, მათი პოზიციაც გაიზიარო იმ კუთხით, რომ სიტუაციის შემდგომი დაძაბვის თავიდან ასაცილებლად კეთდება ეს, ან შეიძლება ჩანაფიქრი აქვთ, რომ ფართო საზოგადოებამ უკეთ დაინახოს რადიკალების რეალური სახე და დასკვნები გააკეთოს. ვნახოთ, დრო გამოაჩენს”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები