ირაკლი კირცხალია: როდესაც ბერსესგან ვისმენთ მზაობას დიალოგისთვის, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია ჩვენთვის

,,ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, აშშ-სთან და ჩვენს პარტნიორებთან”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რანგის ფიგურის სტუმრობა საქართველოსთვის და ის გზავნილები, რომელიც მას ჰქონდა.

„ასეთი დონის, ასეთი მაღალი რანგის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ისტორიის ფიგურა როდესაც ჩამოდის საქართველოში, პრაგმატულად, ობიექტურად უკვირდება, ასევე აგროვებს ინფორმაციას და უნდა, რომ გამოიტანოს რეალობა, ისაუბროს რეალური ფაქტებით და ობიექტურად, რა თქმა უნდა, ეს არის დადებითად შესაფასებელი.

რაც შეეხება ვიზიტს, ამ ვიზიტის შეფასება ძალიან მარტივია. ვხედავთ, რა რეაქცია აქვს ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რაც შეეხება დიალოგს, პრაგმატულად, ობიექტურად ფაქტებზე დაყრდნობით ნებისმიერი საკითხის გავლას ვაპირებთ, ყოველთვის ამას ვამბობდით, განსაკუთრებით ბოლო თვეებში მოვუწოდებდით საზოგადოების წევრები იქნებოდნენ, პოლიტიკოსები თუ ა.შ. მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის ყველა საკითხზე.

ხაზი გავუსვათ, რომ კანონი იყო ნახსენები, სადავო კანონები, ინიციირების დღიდან, შემუშავების პროცესში, კომიტეტზე ჩვენ ვთხოვდით, რომ ევროპელი პარტნიორები იქნებოდნენ თუ შიდა ოპოზიციური სპექტრი, მობრძანდით მეგობრებო, სანამ უხეშ განცხადებებს გააკეთებთ ამა თუ იმ კანონთან მიმართებით, იქნება გვითხრათ კანონში რა არის შესაბამისობაში ევროკავშირის გზაზე, რომელიმე პუნქტი ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს ევროპულ გზას. როდესაც ჩვენ ბატონი ბერსესგან ვისმენთ ასეთ დამოკიდებულებას და მზაობას დიალოგისთვის, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია ჩვენთვის და ვისთვისაც არ არის ეს მისასალმებელი, საზოგადოებამ კარგად ნახა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები