ვლადიმერ ბოჟაძე: ასეთი შეფასებები საგარეო კურსთან და ხელისუფლებასთან მიმართებით ემსახურება ერთადერთ მიზანს, მაქსიმალურად დაიძაბოს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაცია
“ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა.
„ასეთი შეფასებები საგარეო კურსთან და ხელისუფლებასთან მიმართებით ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაცია, რომ უფრო მეტი სალაპარაკო ჰქონდეს ოპოზიციას, რადიკალურ ჯგუფებს, მათ მედიებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა როგორმე ვიდრე სალომე ზურაბიშვილია საქართველოს პრეზიდენტი, ვიდრე ამერიკაში ძველი ადმინისტრაციაა, მაქსიმალურად დააზარალონ ჩვენი ქვეყანა, მისი საგარეო იმიჯი ერთადერთი მიზეზით, რომ იქნებ, ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დესტაბილიზაცია, რასაც აუცილებლად მოჰყვება სისხლიანი რევოლუცია და მერე საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭო 19 დეკემბრის სამიტის შესახებ დასკვნას აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ,,ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“. საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. „ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა აგონ პასუხი. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს”, – წერია განცხადებაში.