ვლადიმერ ბოჟაძე – ზელენსკის განცხადებაზე: რაც უფრო ახლოვდება ტრამპის ინაუგურაცია და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ეტაპი, მით უფრო მძაფრდება საქართველოზე ზეწოლაც
“ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„რაც უფრო ახლოვდება ტრამპის ინაუგურაცია და რაც უფრო ახლოვდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ეტაპი, მით უფრო მძაფრდება ჩვენი ქვეყნის გარშემო შეფასებებიც, ზეწოლაც, რადგან მოსწრებაზე არიან, თუ მოასწრებენ და შეცვლიან აქ ხელისუფლებას ძალადობრივი გზით. სწორედ ეს არის ის ამოცანა, რომელიც დღის წესრიგში დგას უკვე უკანასკნელი სამი წელია. ამის გამოძახილია ეს აქციები, ბალტიის ქვეყნების დამოკიდებულება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდად შევხვდებით, გავაგრძელებთ ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ზელენსკიმ განაცხადა: ,,სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს და ევროპული გზიდან გადაახვევინოს. თბილისში მოქმედი მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს”.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ, განსაკუთრებით „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”.