მიხეილ სააკაშვილი: ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ნამდვილად საერთო სახალხო რევოლუცია
საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის რაც ახლა საქართველოში ხდება – საერთო სახალხო რევოლუციაა.
„გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ევროკავშირმა შემოიღო სანქციები და გაუუქმა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯია. 2011 წელს ჩემი ძალისხმევით ეს მიმოსვლა შემოვიდა, როგორც შესავალი უვიზო მიმოსვლის და ევროკავშირთან ასოცირების. ახლა წაგვართვეს ის, რაც მაშინ მოვიპოვეთ. წაგვართვეს ჩვენ კი არა, წაართვეს ამათ! სანქციები გაგრძელდება, არამარტო სანქციები გაგრძელდება. მე მინდა ვუწინასწარმეტყველო ყველას, რომ თუ გაგრძელდება „ტიტუშკები“, ძალადობა ძარცვა, კენიაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ მაშინდელი კენიის ხელისუფლება გადაეცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მე ვიცი, რომ ქართველმა იურისტებმა უკვე დაძრეს ეს საკითხი ამ მიმართულებით.
ასევე, გამოგვიცხადეს, რომ საქართველოს სახელმწიფო აპარატში დაუშვეს დანიშვნა ენის ცოდნისა და მოქალაქეობის გარეშე. ეს არის ზუსტად ის, რაც რუსებმა გააკეთეს ცხინვალში, 2004 წლის შემდეგ. ამათ უნდათ ქართველების ჩანაცვლება რუსებით, იმიტომ, რომ რაღაც ბრძანებას ქართველები არ ასრულებენ და ვერც შეასრულებენ. ხომ ვხედავთ, რომ პოლიციაში ჩამოშლაა. აბა, რატომ უნდათ „ტიტუშკები“? ჩვენ ახლა ვართ ძალიან კრიტიკულ ზღვარზე. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ნამდვილად საერთო სახალხო რევოლუცია. თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო, ეს იყო ეროვნული მოძრაობის გამოძახილი, მაგრამ მასშტაბი რაც არის დღეს, აღემატება იმას, რაც იყო. 2012 წელს რუსები როგორც იქნა გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, რომ საბოლოოდ კარგავდნენ დემოკრატიას. 2012 წელს მოსკოვსა და პეტერბურგში გამოვიდნენ ადამიანები რეჟიმის წინააღმდეგ. საბოლოოდ ეს პროტესტი მოახრჩვეს და რუსეთი აღმოჩნდა ის, რაც აღმოჩნდა.
მეგობრებო, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან დაუნდობელ ძალასთან. ეს ხალხი არ შეცვლილა გუშინ და გუშინწინ. ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით მოსული ხელისუფლება, ფეხბურთის თამაშით არ წავა. მიხარია ეს ლაღი გამოხატულება, ძალიან მიყვარს ის ბავშვები, რომლებიც პარლამენტის წინ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ მეორე მხარეს ისინი ჩვენი თავებით თამაშობენ და ბარბარე რაფალიანცი მოკლეს“, – განაცხადა სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლოს სხდომაზე ჩართვისას.