სწავლა და ახლის დაწყების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. რამდენჯერმე იმედიც გაუცრუვდა, მაგრამ ბოლოს რასაც ეძებდა, სასურველი საქმე აღმოჩნდა – ულამაზესი დიზაინის აქსესუარებს ქმნის. ბისერებით კლასიკური ქარგვის ტექნიკისა და ლუნევილური ქარგვის შესწავლის შემდეგ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, როგორც ამბობს, საკუთარი თავი იპოვა. სამაგალითოა 4 მცირეწლოვანი შვილის დედის უსაზღვრო ფანტაზია, დიდი ენერგია და შრომისმოყვარეობა.
„ვერ წარმოიდგენთ, სიამაყის და უფლისადმი მადლიერების რამხელა განცდა მიპყრობს მაშინ, როცა ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანს ვხედავ, რომელიც ჩემს სამკაულს ატარებს. მხოლოდ ამ გრძნობისთვის ღირს დაღლა და მუშაობა“. – მარიამ ხარაიშვილის პერსონა.
– რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცის სწავლასა და ძიებაში ვარ, სკოლაც წარმატებით დავამთავრე და უნივერსიტეტშიც ჩემივე დიდი მონდომებით ჩავაბარე, მაგრამ მალევე მივხვდი, მაღლივში ჩემი ადგილი არ იყო.
დაოჯახების და ორი შვილის გაჩენის შემდეგ კი ისევ ჩავაბარე გამოცდები, ამჯერად კოლეჯ „მერმისში“, სადაც კერვის ორწლიანი სრული კურსი შევისწავლე, მაგრამ მაინც მუდამ დანაკლისის გრძნობა მქონდა. კოლეჯის დასრულებიდან მალევე გავხდი კიდევ ორი შვილის დედიკო, ამჯერად ტყუპების. ახლა ტყუპების დაზრდას დაველოდე და ბაღში გავუშვი თუ არა, ნინო ნადირაშვილის სადიზაინერო სტუდიაში დავიწყე სწავლა.
4 მცირეწლოვანი შვილის დედიკო ვარ, თუმცა, ღვთის მადლით და წყალობით, მაინც ვახერხებ ჩემი უსაყვარლესი საქმის კეთებას. მართალია, ღამეების თენება მიწევს, მაგრამ ვფიქრობ, ამად ღირს, რადგან ეს ის საქმეა, რომელმაც საკუთარი თავი და შესაძლებლობები აღმომაჩენინა.
– თქვენს გვერდზე – „art-მარისი“ ულამაზესი დიზაინის აქსესუარების ფოტოები ქვეყნდება…
– სწორედ იმ ხელობის (რაც ნამდვილად ჩემი მოწოდება იყო იმ ეტაპზე) თუ რამე ტექნიკა ისწავლებოდა, ყველა შევისწავლე. თითქმის ერთი წელი ვსწავლობდი, მარადმწვანე მოსწავლე დამარქვეს. ნინოსთან სწავლის პარალელურად შევქმენი ჩემი ბრენდი „art-მარისი“, შევქმენი ბიზნესგვერდი და ვახდენდი რეალიზაციასაც.
მახსოვს პირველი გაყიდული ნივთისგან მიღებული ბედნიერების გრძნობა, შრომის დაფასების განცდა… და ამ გრძნობამ შემიპყრო. ბისერებით კლასიკური ქარგვის ტექნიკის და ლუნევილური ქარგვის კარგად შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე, კიდევ რამდენიმე ტექნიკის შესწავლა და ამჯერად, ნათია გელანტიას მივაკითხე.
– ნამუშევრები თქვენეული ხელწერით გამოირჩევა…
– უმეტესად, ვმუშაობ შეკვეთებზე, მაქსიმალურად ვერგები მომხმარებლის სურვილებს, ვეხმარები სწორი არჩევანის გაკეთებაში. შეკვეთებს ვგზავნი როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ისე – ქვეყნის გარეთაც.
შემიძლია ნებისმიერი ადამიანის ფანტაზიას ფრთები შევასხა და სამკაულად ვაქციო, რაც ძალიან მეამაყება. არ გავურბივარ სიახლეებს, პირიქით – ვეძებ კიდეც. ერთნაირ ნივთებს არ ვამზადებ, ყველაფერში რაღაც განსხვავებული პატარა შტრიხი მაინც შემაქვს, რაც მათ უნიკალურს ხდის.
ასევე ვმუშაობ საავტორო ნამუშევრებზე, აქაც გამუდმებით სიახლეებს დავეძებ და მაქსიმალურად ვცდილობ ყველასგან განსხვავებული აქსესუარის შექმნას.
სიგიჟემდე მიყვარს ჩემი საქმე, მზად ვარ, დაუღლელად ვიჯდე და ვიმუშაო სასურველი შედეგის მიღებამდე. მომხმარებლის უკუკავშირი და საზოგადოების დადებითი კომენტარები კი, დაღლილ-დაქანცულს, ხელახლა მასხამს ფრთებს და ახალი იდეებით მავსებს.
ვერ წარმოიდგენთ, სიამაყის და უფლისადმი მადლიერების რამხელა განცდა მიპყრობს მაშინ, როცა ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანს ვხედავ, რომელიც ჩემს სამკაულს ატარებს. ჯერ მარტო ამ გრძნობისთვის ღირს დაღლა და მუშაობა– საინტერესო ამბავი…
– მომინდა ყურის აქსესუარის შექმნა და დავიწყე დიდი მონდომებით მუშაობა. დავხატე ესკიზი, წარმოვიდგინე ფერები და შევუდექი მუშაობას. რომ დავასრულე ზედაპირი და ამოვჭერი, მივხვდი, რომ ყურის აქსესუარად არ გამოდგებოდა, რადგან, ესკიზის მაქსიმალურად დაპატარავების მიუხედავად, ყურისთვის მაინც დიდი იყო, არადა ულამაზესი იყო და ვერ დავუშვებდი ამდენი შრომის წყალში ჩაყრას, ამიტომ გადავწყვიტე ყურის აქსესუარად ჩაფიქრებული სამკაული სამაჯურად გადამეკეთებინა, შედეგი კი იმდენად შთამბეჭდავი და უცხო გამოვიდა, რომ… ჩემად გავაკეთე იდეაში ეს ნივთი, მაგრამ მალევე გაიყიდა. ეს ნამუშევარი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია.
– ბროშები, აბადოკები, მხარის აქსესუარები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები… და მაინც, რომელ ნაკეთობას გამოარჩევდით?
– გამორჩევა ძალიან მიჭირს, ყველას დამზადების პროცესი მიყვარს და აღმაფრთოვანებს, უბრალოდ გულსაბნევები და სამაჯურები უფრო მეტი მუშაობის საშუალებას მაძლევს, იდეებიც რაღაცნაირად არ წყდება, ერთზე რომ ვმუშაობ, უკვე ვიცი მომდევნო როგორი იქნება.
– ფიროსმანის ნახატების თქვენეული ინტერპრეტაცია, მერლინი, ფრიდა… როგორ იქმნება ეს სამკაულები?
– მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავამსგავსო ფიროსმანის ნამუშევრებს, მაქსიმალურად ვეცადე, პატარა დეტალებიც კი გამეთვალისწინებინა. რაც შეეხება მერლინს და ფრიდას, აქაც მთავარი მიზანი მსგავსება იყო. მერლინის ქერა თმა და ხალი მისი სავიზიტო ბარათია, წარბები კი – ფრიდასი. ამ დეტალებმა გამიმარტივა მუშაობა. ყველა შემთხვევაში უდიდეს როლს ასრულებს ფერების კომბინაციები, ჩრდილები და კონტურები.
– შთაგონება?
– შთაგონებაზე მეტად დრო მჭირდება, რომელიც ძალიან ცოტა მაქვს, თორემ, ძირითადად, სულ ისე ვარ, რომ საკუთარ იდეებს ვერ ვეწევი. თუმცა ყოფილა მომენტი, რამისთვის თვალი მომიკრავს, ვთქვათ, ლამაზი კაბისთვის და მისი შესაფერისი სამკაული წამებში წარმომიდგენია და მაშინვე დამიწყია მუშაობა ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
– „ჩემი საქართველო აქ არის“ – ალბათ დიდი მოთხოვნილებაა ამ ბროშებზე…
– მოთხოვნა დიდია კი… რამდენიმე მოდელი ფილადელფიის ერთ-ერთ ქართულ მაღაზიაშია გაგზავნილი.
ეგ მოდელები 26 მაისის გამოფენისთვის ზუსტად 5 დღეში შეიქმნა. მერე რამდენიმე კიდევ მივამატე. მათზე მუშაობისას ყველაზე მეტად ვცდილობდი, საქართველო მხოლოდ მისი რუკით კი არა, ისტორიით, რელიგიით, კულტურით, რწმენით, მამულიშვილობით და მთელი ჩვენი ქართველობით წარმომეჩინა. თუ დააკვირდებით, არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს, ყველაზე მარტივში – კი წითელსა და მწვანეშიც კი, თავისი დედააზრია ჩადებული. წითელი იმიტომ, რომ გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირები, რომლებმაც დღევანდელობამდე საკუთარი სისხლის ფასად მოგვიყვანეს.
მწვანე იმიტომ, რომ სიცოცხლის და ახალი საწყისის ფერია და რომ მინდა ჩვენს საქართველოში მუდამ სიცოცხლე და სიყვარული სუფევდეს. იქაა ჩვენი ეკლესიები, კაცხის სვეტი, ჩოხა, ქვევრი, ყურძენი – რომელსაც მტევნები ჩვენი დაკარგული ტერიტორიების ადგილას აქვს გაცვენილი, სვანეთის ხედები, ქართველი ჯარისკაცი, რომელიც თანამებრძოლის საფლავთან იარაღით ზის, საქართველოს მთა-ბარი… არ ვიცი… თითოეული მათგანი საავტოროა, შეკვეთით არცერთი დამზადებულა, თუმცაღა მხოლოდ ერთიღა დამრჩა.
– ოჯახი… 4 შვილის დედა ოჯახის საქმეების და ხელნაკეთების დამზადებისთვის დროს როგორ გამონახავთ ხოლმე?
– მართლაც, ძალიან რთულია, დიდი ოჯახის პატრონმა დრო დავუთმო ჩემს საქმიანობას, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს უფალიც მეხმარება და მაძლიერებს, შვილებს რომ დავაწვენ და დავაძინებ, მუშაობას ფაქტობრივად მაშინ ვიწყებ.
ბევრჯერ ყოფილა, გათენებამდეც მიმუშავია, თუმცა არის მომენტები, რომ უამრავი შეკვეთა მაქვს და ამ დროს დღის განმავლობაშიც მიწევს, დრო დავუთმო შეკვეთებს.
მეუღლეც, დედამთილიც და მამამთილიც ყველანაირად მიწყობენ ხელს, რომ ჩემი აღებული საქმე საფუძვლიანად შევასრულო და ყველა შეკვეთა დროულად გავგზავნო მომხმარებელთან. როცა ადამიანს ვპირდები, რომ მოვასწრებ, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ მის წინაშე და სულ რომ ქვეყანა დაიქცეს, შეკვეთას მაინც დროზე ადრე დავამთავრებ და ჩავაბარებ. ამ ყველაფრის დამსახურებაა, რომ ჯერ არ მქონია შეკვეთის დაგვიანების შემთხვევა.
– ჰობი…
– მიყვარს სიმღერა და მუდამ ვღიღინებ, ეს მუშაობაშიც ძალიან მეხმარება. გამუდმებით მუსიკის ფონზე ვმუშაობ… ასევე ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს ხატვა, იყო დრო გამუდმებით ვხატავდი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ესკიზების ხატვით შემოვიფარგლები დროის არქონის გამო.
– საახალწლოდ რომელ ნაკეთობაზეა დიდი მოთხოვნილება?
– კონკრეტულად საახალწლო თემატიკით ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი დიდია… იყო დრო, ნაძვის ხის სათამაშოებსაც ვამზადებდი და საახალწლო პეიზაჟის დიორამებიც კი გამიკეთებია, მაგრამ ამ ეტაპზე, უმეტესად, სულ შეკვეთებზე ვმუშაობ და მართლა მოსწრებაზე ვარ რომ ყველასთან დროზე გავუშვა შეკვეთა.
– სამომავლო გეგმები…
– მთავარი ისაა, რომ არ უნდა გავჩერდე, უნდა განვვითარდე ყოველდღიურად, მით უმეტეს, ეს ის სფეროა, რომლის ამოწურვაც შეუძლებელია… თუ კი რამე ტექნიკა არსებობს, ნელ-ნელა ყველა უნდა შევისწავლო, რომ უცხო და შეუძლებელი ჩემთვის არცერთი სამკაულის დამზადება არ იყოს.
ღვთის მადლით და წყალობით, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გავაბედნიერო ჩემი ბრჭყვიალა სამკაულებით.
თამარ შაიშმელაშვილი