სოზარ სუბარი: ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, თითქოს 500 ათასზე მეტი ხმა გაყალბდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ხმა არის გაყალბებული
„ოპოზიცია ლაპარაკობს ტოტალურ გაყალბებაზე, ამ დროს კი ერთი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინეს ვერც გაყალბების, ვერც დაშინების ვინმეს დაშინების, მოსყიდვის ან პირადობის მოწმობის წართმევის. ვერ წარმოადგინეს, რადგან ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ათეული მტკიცებულება, როგორ გაგვიყალბეს მათ არჩევნები,”- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, როგორ არეგისტრირებდნენ „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს რეგიონებში საარჩევნო უბნებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კომისიების წევრებად მათი ნების საწინააღმდეგოდ, ისე რომ მათ ამის შესახებ არჩევნების დღემდე არაფერი იცოდნენ და საბოლოოდ, ამის გამო ვერ ახერხებდნენ ხმის მიცემას.
„500 000-ზე მეტი ხმა გაყალბდაო, თქვა მიხეილ სააკაშვილმა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ხმა არის გაყალბებული, ყოველი მეოთხე ხმა ჩავყარეთ, ყოველი მეოთხე ადამიანი დავაშინეთ ან პირადობის მოწმობები წავართვით. ასეთ აბსურდს რომ იტყვის ადამიანი, იმას პოლიტიკოსი როგორ შეიძლება ეწოდოს. სად არის თუნდაც ერთი მტკიცებულება დაშინების, გაყალბების ან პირადობის წართმევის. ასეთი რამ არ არსებობს, მაშინ როცა ჩვენ გვაქვს ათეულობით მტკიცებულება, როგორ გაგვიყალბეს მათ არჩევნები.
მაგალითად, რამდენიმე ათეული შემთხვევაა, როცა ადამიანებმა არჩევნების დღეს აღმოაჩინეს, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ, დარეგისტრირებულები არიან სადღაც სხვაგან. მაგალითად, სამგორიდან ერთი ადამიანი დარეგისტრირებული იყო რაჭაში, როგორც „ლელოს” კომისიის წევრი. რადგან კომისიის წევრი იყო, მას ჰქონდა უფლება რაჭაში მიეცა ხმა, მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო, რადგან კომისიის წევრი, თუ 15 წუთზე მეტი დროით დააგვიანებს უბანზე მისვლას, მას იქ აღარ შეუშვებენ. ასეთი იყო რამდენიმე ათეული ადამიანი. ზოგან იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ზოგან მიმდინარეობს გამოძიება და ყველა მათგანი აგებს პასუხს, ვისი იდენტიფიცირებაც მოხდება.
სამაგიეროდ, ოპოზიციას არა აქვს არჩევნების გაყალბების ერთი მტკიცებულებაც კი, გარდა მარნეულის შემთხვევისა, სადაც ერთ-ერთ უბანზე ძალიან უტიფრად ჩაყარეს ბიულეტენები საარჩევნო ყუთში. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით 2 პიროვნება დაკავებულია და ისინი პასუხს აგებენ.
მოვისმინეთ ოპოზიციის წარმომადგენლის უტიფარი ტყუილი, თითქოს არჩევნებზე 90%-იანი გამოცხადება იყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. რეალურად პირიქითაა, არჩევნებზე არასდროს ყოფილა ისეთი დაბალი დასწრება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, როგორც წელს. 50%-ზე დაბალი იყო დასწრება ქვემო ქართლში, რაც ოპოზიციის ცრუ ნარატივს ფარდას ხდის.
რაც შეეხება ბრალდებებს, თითქოსდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ, ესეც აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებაა. როდესაც საარჩევნო ბიულეტენი მოთავსდება სპეციალურ კონვერტში, შეუძლებელია იქ ვინმემ რამე დაინახოს. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ათეულობით შემთხვევა, როცა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მასობრივად ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა და ამას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, მითუმეტეს, არავის მოუვა აზრად, ეს საკითხი არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვის შესატანად გამოიყენონ.
რაც შეეხება ამერიკას, თავად დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ არჩევნებში მილიონობით ადამიანს მიაცემინეს ხმა, რომლებსაც ამერიკის მოქალაქეობაც კი არ გააჩნდათ. სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპი აპირებს, შტატებში ძალიან სერიოზული საარჩევნო რეფორმა ჩაატაროს. და ამ დროს ჩვენთან, სადაც ოპოზიციამ გაყალბების ერთი მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინა, იგივე ოპოზიცია არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე და არალეგიტიმურობაზე ლაპარაკობს,”- აღნიშნა სოზარ სუბარმა.