“ჩვენ შევდექით, როგორც ერი” – ზაზა შათირიშვილი
“ჩვენ შევდექით, როგორც ერი”, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„არსებობს რეალური ეგზისტენციალური მომენტი, ან ხარ ან არ ხარ. ახალგაზრდობაში ყველას უდგება მომენტი, შეიძლება ეს იყოს კარიერული, სიყვარულთან დაკავშირებული, ბევრ რამესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ბალზაკიდან დაწყებული დოსტოევსკის ჩათვლით, ყველა დიდ მწერალს აქვს აღწერილი ეს ეგზისტენციალური მდგომარეობა და ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანი ინგრევა. ერიც შეიძლება დაინგრეს. აქედან გამომდინარე ასე ვიტყოდი, რომ ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის „ჯენზის მოედანზე“, ანუ ხომ არის „თავისუფლების მოედანი“ და არის კიდევ „ჯენზის მოედანი“ ერთდროულად, აი აქ არის ჩვენი სიზმრები. ადამიანი იძინებს, ხედავს რაღაც სიზმარს, იღვიძებს და როცა იღვიძებს, ის ხედავს, რომ არსებობს.
მე ასე ვიტყოდი, რომ ქართველი ერი არსებობს. მან გადალახა ყველაზე უფრო სერიოზული ცდუნება, როგორ გამოიყურება სხვის თვალში და მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რა არის, იცით? როცა ეს უკვე აღარ გაინტერესებს, როგორ გამოიყურები სხვის თვალში, იმიტომ, რომ ვიმეორებ, დგება მომენტი, ყოფნა-არყოფნა და ჩვენ ეს გავიარეთ. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ეს არის ჩვენი წარსული“, – აღნიშნა შათირიშვილმა.