“მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველოს პოლიტიკური სისტემა სრულად გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე” – პაატა სალია
“დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ, 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველოს პოლიტიკური სისტემა სრულად გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
„ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი განსხვავებული წესით, ვიდრე ეს ხდებოდა წინა შემთხვევებში. დღეს პრეზიდენტი აირჩიეს კონსტიტუციის განსაზღვრული წესით ხმოსნებმა. წესით, უნდა ყოფილიყო 300 ხმოსანი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან. არც პარლამენტში შემოდიან და არც ამ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა გაცხადებული იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ, შეთანხმებული იყო გუნდის მიერ და საბოლოო ჯამში სრული კონსენსუსით მისი კანდიდატურა იყო დასახელებული უკვე პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიერ. გუნდში შეფასება ერთიანია ამასთან დაკავშირებით. ეს შეფასებები სრულად არის ასახული ჩვენი ლიდერების დღევანდელ განცხადებებში, პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებაში. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ პირველ რიგში იმაში, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, ის არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარს ეს ქვეყანა. მას აქვს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც მას დაუგროვდა საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტში და შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ კარგად გაართმევს თავს იმ ფუნქციებს, რაც აქვს დღევანდელი კონსტიტუციით დაკისრებული პრეზიდენტს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.