ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ნუსეირათის ბანაკში 20 პალესტინელი ემსხვერპლა
ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ანკლავის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათის ბანაკში, 20 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები – ინფორმაციას ადგილობრივი მედიკოსები ავრცელებენ.
მანამდე, ისრაელის ორი თავდასხმის შედეგად, სამხრეთ ღაზაში 13 პალესტინელი დაიღუპა. “ჰამასის” განცხადებით, ისინი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების დამცველები იყვნენ, ისრაელის განცხადებით კი, თავდასხმა “ჰამასის” მებრძოლებზე განხორციელდა, რომლებიც ტვირთის გატაცებას ცდილობდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, შესაძლებელია, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შედგეს.
სალივანისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შეხვედრა თელ-ავივში საპროტესტო აქციის ფონზე შედგა.