ბოჟაძე – მაკრონი-ივანიშვილის საუბარზე: მაკრონმა გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში
“მაკრონმა გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და ამაში გასაკვირი არაფერია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„რაც შეეხება იმას, თუ რატომ ესაუბრა მაკრონი ბიძინა ივანიშვილს, მაკრონი არის საფრანგეთის პრეზიდენტი, მას არ უნდა ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს ამ პოსტზე და ეს იცის თავად მაკრონმა. ის ესაუბრა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენლობაც არის პარლამენტის უმრავლესობაში, რომლის პარტიის წარმომადგენლობაც არის მთავრობაში და პრემიერ-მინისტრი. რა თქმა უნდა, მან გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ველოდებით ოპოზიციას პარლამენტში. როგორც იცით, 150-კაციან პარლამენტში 89 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“ და 61 – ოპოზიციას. მობრძანდნენ, აქ არის კომიტეტები, პლენარული სხდომა და სხვა ფორმატი“, – განაცხადა ბოჟაძემ.