აქციის დროს დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია
აქციის დროს დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია.
ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ განაცხადა.
„სამკურნალო ძილიდან გამოსვლის პროცედურა უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ამ წინსვლის შემადგენელი ერთ-ერთ ნაწილია პაციენტის მოხსნა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ძილიდან გამოსვლის ეტაპი წარმატებით მიდის. უკვე მოხერხდა მასთან გარკვეული ტიპის კონტაქტის დამყარება, ასრულებს მარტივ მითითებებს, ეს ამ ეტაპისთვის ითვლება საკმაოდ დიდ მიღწევად. თუმცა პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და მძიმედ რჩება. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მოხდეს პრევენცია მოსალოდნელი გართულებებისგან, რაც ასეთი ტიპის ტრავმას და პოსტოპერაციულ პერიოდს ახასიათებს.
ამ ეტაპზე მხედველობაზე არ არის საუბარი, თუ სიმძიმის მიხედვით დავალაგებთ მიღებულ ტრავმებს, აქ არის პირველ რიგში საუბარი თავის ტვინის თხემზე ჩატარებული პოსტოპერაციული პერიოდი, ძვლების იმპრესიული მოტეხილობა იყო – შუბლის ძვლების, შუბლის წილის გარკვეული ტიპის დაზიანებით. ასეთ შემთხვევაში თავის ტვინზე უფრო გახლავთ საუბარი, ვიდრე თვალზე. თვალის მთლიანობა დარღვეული არ იყო, თუმცა ამაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც ჩატარდება კიდევ ერთხელ ცნობილი ოფთალმოლოგების კონსულტაცია და კიდევ ერთხელ შეფასდება თვალის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, ძილის დროს შეუძლებელია ამის გაკეთება, უბრალოდ ფიზიკურად შეიძლება გაისინჯოს მხედველობის ფუნქცია შენახულია თუ არა. ბუნებრივია, ეს იქნება მას შემდეგ, რაც პაციენტი გამოიღვიძებს და თავის შეგრძნებებს თვითონ გადმოგვცემს“, – განაცხადა ჭელიძემ.