გიორგი შეწირული: გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ და იმ ადამიანების სახეებს გავაშუქებ, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე და ევროპული მომავლის მცველებზე სასტიკად ძალადობენ
“გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ, ვიქნები იქ, სადაც ისტორია იწერება და სწორედ იმ ადამიანების სახეებს გავაშუქებ, რომლებიც ჩვენზე, მედიის წარმომადგენლებზე და თქვენზე, ევროპული მომავლის მცველებზე სასტიკად ძალადობენ”, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი შეწირული სოციალურ ქსელში წერს.
ოპერატორის თქმით, ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ტვინის შერყევა, თავზე სამი ჭრილობა, ასევე ხერხემლისა და სხეულის ტკივილი.
„გუშინ საღამოს გამომწერეს, აღმენიშნება ტვინის შერყევა, თავზე სამი ჭრილობა, ხერხემლისა და სხეულის ტკივილი. თუმცა, დაზიანებები უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამივლის და ჩემს საყვარელ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ. ახლა კი მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს და უცნობ ადამიანებს, რომლებიც ჩემ მიმართ აუარებელ ყურადღებას გამოხატავდით. სამწუხაროდ, ყველას პასუხი ვერ გაგეცით, მაგრამ თქვენი მოწერილი თითოეული “მესიჯი” წავიკითხე და გული სითბოთი ამევსო. თქვენგან იმხელა ენერგია, მუხტი და სიყვარული მივიღე, რა შემაშინებს. გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ, ვიქნები იქ, სადაც ისტორია იწერება და სწორედ იმ ადამიანების სახეებს გავაშუქებ, რომლებიც ჩვენზე, მედიის წარმომადგენლებზე და თქვენზე, ევროპული მომავლის მცველებზე სასტიკად ძალადობენ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ მძიმე დღეების განმავლობაში მივიღე. ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, ერთად ყოველთვის ძლიერები ვართ.
პ.ს. ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება! საქართველო არ გარუსდება, რეჟიმი კი ვერ გაგვტეხს!“, – წერს გიორგი შეწირული „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ორივე მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.