სომხურმა მხარემ საქართველოში არსებული სომხური კულტურის ძეგლებისთვის ყურადღების მიქცევა ითხოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს და სომხური დელეგაციის წევრებს შეხვდა.|
საუბრის დასაწყისში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, გალუსტ საჰაკიანმა პატრიარქს ძმის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს ორი ქვეყნის ეკლესიას შორის.
პატრიარქის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად კარგი ურთიერთობები იყო და ეს დღესაც გრძელდება.
“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრულ და ძმურ ურთიერთობას ეკლესიებს შორის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს კულტურას, თქვენს მწერლობას. სომხეთი და საქართველო არის ქრისტიანული ოაზისი და ამ ოაზისს ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ძმური ურთიერთობა არ დაირღვეს“ – აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
საჰაკიანის განცხადებით კი, სომხეთი რჩება უმთავრესი ქრისტიანული ფასეულობების მემკვიდრედ.
“ჩვენი ერებიდან გამომდინარე, უმთავრესი საფუძველი ქრისტიანული ფესვებია და ჩვენ ვრჩებით ამის გამგრძელებლად. კულტურული და რელიგიური ფასეულობები გააღრმავებენ, დააახლოებენ და ახალ ბიძგს მისცემენ ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობას. ამ ყველაფერში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის ეკლესიას”, – აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა სირიასა და ერაყში არსებული ვითარების გამო, სადაც მრავალი ქვეყნის ქრისტიანული ფასეულობები საფრთხის წინაშეა, რასაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც დაეთანხმა.
გალუსტ საჰაკიანმა კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური კულტურის ძეგლებისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა. საჰაკიანმა ჩამოთვალა რამდენიმე ძეგლი, რომლის აღდგენისა და მოვლა-პატრონობის საკითხიც დასვა.
“ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მუდამ იყო ყურადღების ცენტრში, ეს არის ბუნებრივი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ყველა კულტურული ფასეულობა ჩვენი ქვეყნებისა და ერების განვითარების საფუძველია. ამ მხრივ მინდა თქვენი ყურადღება მოვიზიდო საქართველოს ტერიტორიაზე სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. კერძოდ, თქვენი ყურადღების ქვეშ იყოს ტაძრები, ისეთი ტაძრები, როგორიც არის სუბგევორქის, სუბნიშანის და ნორაშენის ტაძრები. მათი აღდგენა და მოვლა-პატრონობის საკითხები”, – აღნიშნა შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გალუსტ საჰაკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები