კახა კალაძე: მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას, ეს იქნება ძალადობრივი აქციის მონაწილე, სამართალდამცველი თუ ჟურნალისტი
„როდესაც თავისთვის მდგარ პოლიციას აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, სხვადასხვა მძიმე საგანს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ურტყამ ჯოხს, ხომ ხვდებით, ამას რა რეაგირება მოჰყვება?“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აქციების დროს დაშავებულებზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ძალადობრივი აქციის მონაწილე, სამართალდამცველი თუ ჟურნალისტი. ნებისმიერ ადამიანს მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ობიექტურობას. ვნახეთ, როგორ იმართებოდა ძალადობრივი აქციები: მივყვეთ ქრონოლოგიურად. დღეს, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოიხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს თუნდაც აქციებით. არავინ ზღუდავს ამას. პირიქით, 2012 წლის შემდეგ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ჩარჩო, ყველაფერი არის კანონით განსაზღვრული. როდესაც შენ თავისთვის მდგარ პოლიციას აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, სხვადასხვა მძიმე საგანს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ურტყამ ჯოხს, ხომ ხვდებით, ამას რა რეაგირება მოჰყვება? არავის აქვს უფლება, პოლიციელს ამ ფორმით მიმართოს, ესროლოს „მოლოტოვის კოქტეილები“, პირდაპირ მოსაკლავად იმეტებენ. იყო კონკრეტული ფაქტები, რაც საჭიროებს სიღრმისეულ გამოძიებას, მოკვლევას. რა თქმა უნდა, ყველაფერზე იქნება შესაბამისი პასუხი. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ვისაც აქვს რამის გაპროტესტების სურვილი, ამაში არავინ გზღუდავთ, მაგრამ რაღაც ფორმები არსებობს, რაც უნდა დავიცვათ, კანონის ჩარჩოებს არ უნდა გავცდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.