ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“    

კომპანია არემჯის მხარდაჭერით, გაერთიანება „ღვინო  ბოლნისის“ წევრმა 10-მა მცირე მარანმა იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალზე საერთაშორისო ღვინის სექციაში 10 ბოლნისური მარნის, 17 დასახელების ღვინო იყო  წარდგენილი. ფესტივალის  ფარგლებში გამართულ ღვინის კონკურსში ბოლნისურმა ღვინოებმა 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 2 ოქრო და 5 ვერცხლი.

მერანოში ქართული ღვინის მასტერკლასი გამართა სომელიე თამარ ჭიჭიბოშვილმა, რომელიც წელს “მერანოს ღვინის ფესტივალმა” იტალიაში ქართული ღვინის ელჩად  დაასახელა.

„მასტერკლასის ფარგლებში წარვადგინე ქართული ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს. მერანოზე ღვინის კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინოების შეფასება წელს პირველად მოხდა და მოხარული ვარ რომ ამ ღვინოებმა სხვადასხვა მედლები აიღეს, მათ შორის, 7 მედალი ბოლნისურმა ღვინომ.  ვფიქრობ, რომ ბოლნისური ღვინოები მკაფიოდ უსვამს ხაზს ქართული ყურძნის ჯიშებს. საინტერესოა, რომ ფესტივალზე წარვადგინეთ არა მხოლოდ ქვევრში დაყენებული, არამედ ბოლნისური იგივე შვაბური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები, რამაც  სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.“ – აღნიშნა თამარ ჭიჭიბოშვილმა.

33-წლიანი ისტორიის მქონე „მერანოს ღვინის ფესტივალი“  ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები  ესწრებიან.   მსგავსი მასშტაბის ფესტივალსა და ღვინის კონკურსში ბოლნისური მარნების  წარდგენა და ამ რაოდენობის მედლების მოპოვება, ღვინის ექსპერტების შეფასებით ბოლნისური დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მაღალ ხარისხსა და მათ გამორჩეულობაზე მიუთითებს.

„მსგავსი ფესტივალები საჭიროა მსოფლიოში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად. დეგუსტაციასთან ერთად,  მასტერკლასების მეშვეობით მოვახერხეთ და მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროპელ მომხმარებლებსა და მყიდველებს ბოლნისური ღვინოების შესახებ. ვფიქრობ, რომ ბოლნისის ღვინის დაყენების განსხვავებული  ტრადიცია, ახლოს არის ევროპულთან და ამიტომ ეს ღვინო უფრო გასაგებია მათთვის.“ – განაცხადა სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილმა.

არემჯის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ  მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება. პროგრამა სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებთან ერთად, საუკეთესო ბოლნისური ღვინოების  ისეთ მასშტაბურ ღვინის ღონისძიებებზე წარდგენას ითვალისწინებს, როგორიც არის „მერანოს ღვინის ფესტივალი“, „ნარინჯისფერი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ , IWSC და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები