ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია ჩინეთთან როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება, ამაზე ზრუნვა აქტიურად გაგრძელდება
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ჩინეთთან როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება.
„ჩვენ შარშან ამ მიმართულებით მივაღწიეთ ძალიან დიდი პროგრესს, როდესაც ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად რეალიზებული იყოს ყველა ის პრიორიტეტი, რაც ამ შეთანხმებაში არის ასახული. კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვაქვს უკვე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეს ეხება ორმხრივად უვიზო რეჟიმის შემოღებას. ჩვენ ჩინეთის მოქალაქეებისთვის შემოვიღეთ უვიზო რეჟიმი, ხოლო ჩინეთმა შემოიღო უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, გვაქვს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის გაზრდილი ინტენსივობით და ა.შ. სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება, ამაზე ზრუნვა აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.