“ჩვენი ერთობის, მჭიდრო თანამშრომლობის და თავდაუზოგავი შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ამ ბოლო პერიოდში” – ბოჭორიშვილი

“მადლობა მინდა, გადავუხადო ილია დარჩიაშვილს ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისა და საუკეთესო თანამშრომლობისთვის, რაც მას ჰქონდა საქართველოს პარლამენტთან”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტის წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის ემოციურია და განსაკუთრებული პატივია, დღეს თქვენს წინაშე წარვდგე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი. პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებს, ჩემთვის ძალიან ძვირფას კოლეგებს, მეგობრებს იმ თანამშრომლობისთვის, იმ ურთიერთობებისთვის, რაც ჩვენ გვქონდა მეათე მოწვევის პარლამენტში, ერთად დგომისთვის და ერთად ბრძოლისთვის. ახლად არჩეული პარლამენტის წევრებს მინდა, გისურვოთ წარმატებული საპარლამენტო საქმიანობა ბევრად უფრო მშვიდ გარემოში, ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტმა გაიარა.

გასული ოთხი წელი გამორჩეულად რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, რაც პირდაპირ აისახა საქართველოზე და ჩვენი ქვეყანა საკმაოდ რთული საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დააყენა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის და საუკეთესო თანამშრომლობისთვის, რაც მას ჰქონდა საქართველოს პარლამენტთან და ევროინტეგრაციის კომიტეტთან გამორჩეულად, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.

ჩვენი ერთობის, მჭიდრო თანამშრომლობის და თავდაუზოგავი შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ამ ბოლო პერიოდში, ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები